აუდიტორულ და საბუღალტრო კომპანიების ქართულ ბაზარს კიდევ ერთი კომპანია - G-Roi შეემატა
აუდიტორულ და საბუღალტრო კომპანიების ქართულ ბაზარს კიდევ ერთი კომპანია, G-Roi შეემატა. როგორც „ქალების ნარატივის“ პირდაპირ ეთერში, კომპანიის დამფუძნებელმა, ეკა რუხაძემ განაცხადა, G-Roi 2023 წლის 26 აპრილს დაარსდა.
„კომპანიის უნიკალურობა მდგომარეობს მისი გუნდის მრავალმხრივ ცოდნასა და გამოცდილებაში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მოვუსმინოთ კლიენტს, ზუსტად გავიგოთ მისი საჭიროებები და შევთავაზოთ სწორედ ისეთი მომსახურება ან/და მომსახურების პაკეტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებსა და საჭიროებებს“, - აღნიშნავს ეკა რუხაძე.
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ისეთი მომსახურების გაწევა, როგორიცაა: საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, საბუღალტრო მომსახურება, საგადასახადო კონსულტაციები და საგადასახადო დაგეგმვა, ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, იურიდიული მომსახურება, მარეგულირებლისთვის (saras) წარსადგენად ფინანსური ანგარიშგების მომზადება, პროფესიული საგანმანათლებლო მიმართულება.
G-Roi-ს დამფუძნებლის თქმით, კომპანიას აქვს განვითარების 3 და 5-წლიანი გეგმები, რომლებიც როგორც გლობალური, ისე მცირე ნაბიჯებისგან შედგება.
„მცირე ნაბიჯებში ვგულისხმობთ აქტიურობას რეგიონების მხარდაჭერისა და განვითარების მიმართულებით, ასევე იგეგმება რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობაც. მომავალი წლიდან ვგეგმავთ, რომ კომპანიაში დავამატოთ ბიზნესისა და ქონების შეფასების განყოფილებებიც.
ჩვენ გვჯერა, რომ მოქმედება, შრომა, თავდადება, საკუთარი საქმის სიყვარული და ერთგულება აუცილებლად მოიტანს ამ გეგმების რეალიზების შესაძლებლობებს“, - აღნიშნავს ეკა რუხაძე.
გამომდინარე იქიდან, რომ აუდიტორული და საბუღალტრო კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დაფუძნდა, კომპანიას ამჟამად ყავს ოთხი დაქირავებული პირი, თუმცა განვითარების 3 და 5 წლიან სტრატეგიაში მოიაზრებენ თანამშრომელთა რიცხვის მინიმუმ 60 ადამიანამდე ზრდას და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის სტატუსის მოპოვებას.