მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებას ვიწყებთ“- გენ.აუდიტორის მოადგილე

64aad400041d0
ლიკა მეგუთნიშვილი
09.07.23 20:10
652
"სახელმწიფო აუდიტის შესახებ ორგანული კანონი სრულფასოვნად არ აძლევს აუდიტის სამსახურს იმის მანდატს, რომ საგადასახადო შემოსავლების აუდიტი ჩაატაროს“ - ამის შესახებ გენერალური აუდიტორის მოადგილემ, სოფიო დვალიშვილმა BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე პარლამენტთან მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში პრობლემის გადასაჭრელად საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

„ვალდებულებების სახით ეს ასევე აღიარებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამაში. სახელმწიფო ვალდებულია, რომ ამ ნაწილში მანდატის პრობლემა მოიხსნას. მიუხედავად ამ გამოწვევისა, ჩვენ 2022 წელს ჩავატარეთ ფინანსური აუდიტი საგადასახადო შემოსავლების მიმართულებით, თუმცა, კვლავ პრობლემაა საგადასახადო შემოსავლების ადმინისტრირების ნაწილში ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ გვჭირდება სრულფასოვანი მანდატი.

ამ ეტაპზე კონსულტაციები ჩართულ მხარეებთან, ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტთან მიმდინარეობს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება და მანდატი მკაფიოდ გაიწერება“ - აცხადებს დვალიშვილი.

სოფიო დვალიშვილმა კიდევ ერთ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებას დაიწყებს.

„ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ აუდიტებს სხვადასხვა სამინისტროებსა და სახელმწიფო უწყებებში, თუმცა ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო უწყებები საჯარო სექტორის აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადადიან, ეს რეფორმა უკვე დასრულების ეტაპზეა და ფაქტობრივად, ყველა საჯარო უწყება ფინანსური ანგარიშგების აღრიცხვას ამ სტანდარტის საფუძველზე განახორციელებს.

ამავდროულად, სახელმწიფო ხაზინა ამზადებს მთავრობის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც ყველა უწყების ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს და ჩვენ მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ჩავატარებთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ სრული დაფარვა გვქონდეს. თუ ახლა 90%-იანი დაფარვა გვაქვს, ეს მაჩვენებელი 100%-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, შესაძლებლობა გვექნება, ფინანსური აღრიცხვა- ანგარიშგების საკითხებზე სრული ზედამხედველობა განვახორციელოთ" - განაცხადა გენერალური აუდიტორის მოადგილემ, სოფიო დვალიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები