სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რის შედეგადაც არაერთი ხარვეზი გამოავლინა.
აუდიტის დასკვნაში საუბარია ნაკლოვანებებზე ბიუჯეტის შესრულების, შესყიდვების, მუნიციპალური სერვისების მიწოდების, ქონების მართვის, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის და სხვა მიმართულებებით.
კერძოდ, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი. 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მუნიციპალიტეტი ფლობდა 3.4 მლნ ლარის საბიუჯეტო ნაშთს.
"მერიამ ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროგრამებისათვის საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები და ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით განსაზღვრული პროექტების განხორციელება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო კრიტერიუმით გათვალისწინებული შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურისა და შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები",- წერია ანგარიშში.
ნაკლოვანებებია სახელმწიფო შესყიდვების მართვაში. აუდიტის თანახმად, მუნიციპალიტეტში სატენდერო კომისია რამდენიმე შემთხვევაში საქმიანობდა ხარვეზებით. კერძოდ, კომისიის მიერ პრეტენდენტების შერჩევისა და სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების პროცესი არ შეესაბამებოდა მარეგულირებელ ნორმებს.
ამასთან, მუნიციპალიტეტმა შესყიდვების პროცესში ვერ უზრუნველყო ბაზრის კვლევის სათანადოდ ჩატარება, გამარტივებული შესყიდვის სააგენტოსთან შეთანხმება და არ დაიცვა შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი. შედეგად, არ არის დაცული შესყიდვების ფასის საბაზრო ღირებულებებით განსაზღვრის, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური ხარჯვისა და შესყიდვის პროცედურების საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპები.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც აუდიტის სამსახური ამახვილებს ყურადღებას ისაა, რომ მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის დასახმარებლად და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად ვერ შეარჩია სამუშაოების შესრულების სათანადო ფორმა. შედეგად, 68.4 ათასი ლარი დახარჯულია არაეფექტიანად და სრულად არ არის მიღწეული შესყიდვით გათვალისწინებული მიზნები.
"2023 წელს მუნიციპალიტეტმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შეიძინა სამშენებლო მასალები, ღირებულებით − 86.9 ათასი ლარი. მასალები გადაეცა 35 მოსახლეს, რომლებსაც თავისი ძალებით უნდა აღმოეფხვრათ საცხოვრებელ სახლებზე არსებული დაზიანებები. მუნიციპალიტეტმა სამშენებლო მასალების მოსახლეობისათვის დარიგება გადაწყვიტა ისე, რომ არ გაითვალისწინა მათი ცოდნა-გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობა მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით. შედეგად, გადაცემული სამშენებლო მასალის უმეტესი ნაწილი გამოუყენებელია. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 68.4 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა დასაწყობებულია 27 მოსახლესთან",- წერია ანგარიშში.
ხარვეზებია მუნიციპალური სერვისების მიწოდებაშიც. თვითმმართველ ერთეულში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემური პრობლემა: მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული სუბიექტი; მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სასმელი წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია.
"მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს 8636 ოჯახის გამართულ წყალმომარაგებას. კერძოდ, სასმელ წყალზე მოსახლეობის ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული, მათ უმეტეს ნაწილს − 6201 ოჯახს წყალი მიეწოდება ჭებიდან და წყაროებიდან, 2435 ოჯახი წყალს იღებს სათავე ნაგებობებიდან და ჭაბურღილებიდან. წყლის სისტემები არ არის აღჭურვილი გაწმენდისა და დაქლორვის საშუალებებით, არ ტარდება წყლის ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის შესახებ",- აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტი მიუთითებს ავტოპარკის მართვის ხარვეზებზეც. თვითმმართველი ერთეულის მიდგომა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების განსაზღვრის შესახებ არარაციონალურია: მუნიციპალიტეტი არ იცავს საკრებულოს მიერ დადგენილი სამორიგეო ავტომაქანების ზღვრულ რაოდენობას; საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
"2024 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ან დროის მცირე მონაკვეთში დოკუმენტურად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებაში ერთჯერადად ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 20 შემთხვევა ხოლო დროის მცირე მონაკვეთში − ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის 2 შემთხვევა. შეუსაბამოდ სულ ჩასხმულია 1.9 ათასი ლიტრი საწვავი. აღნიშნული შეუსაბამობები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტული ავტომანქანისათვის განკუთვნილი საწვავით იმართება სხვა ტრანსპორტი",- წერია აუდიტის ანგარიშში.
ასევე ირკვევა, რომ 2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის დაჯარიმდა, თუმცა 3 მათგანის ინსპექტირება დაჯარიმების შემდეგაც არ მომხდარა.
ხარვეზებით ხდებოდა ქონების მართვა და განკარგვა. კერძოდ, ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაოპტიმალურია. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის პროცესში არ არის გამოყენებული ელექტრონული აუქციონისა და გაფორმებულ ხელშეკრულებებში საიჯარო ფასის გადახედვის შესაძლებლობა. სარგებლობით გაცემული ქონებიდან სრულად არ არის მიღებული დაგეგმილი მატერიალური სარგებელი; ასევე რეაგირების გარეშეა დარჩენილი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის შემთხვევები. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ამასთან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით და არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება. კერძოდ, რიგ შემთხვევაში დასაქმებულების ფუნქცია-მოვალეობები და ცალკეული ხარჯები არ არის სათანადოდ დასაბუთებული.
აუდიტის მიერ გამოვლინდა სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებების ნაკლოვანებები - პროგრამისათვის − „შეჭირვებული ოჯახების სხვა ერთჯერადი სოციალური დახმარება“ მუნიციპალიტეტმა დააწესა არასაკმარისი კრიტერიუმი, რაც ვერ უზრუნველყოფს თანხების პროპორციულ განაწილებას და ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს.
ამასთან, 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესი მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ხარვეზებით და ზოგიერთ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.




























