მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულება 56%-მდე გაიზარდა

64aace463b7be
ლიკა მეგუთნიშვილი
09.07.23 21:50
593
გენერალური აუდიტორის მოადგილემ, სოფიო დვალიშვილმა BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ აუდიტის სამსახურის როლსა და უწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც დვალიშვილი აღნიშნავს, აუდიტის სამსახურის მთავარი მიზანი საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ზრდაა. საქართველოში კი, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკაში, ამ უწყების მნიშვნელობა განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტთან არის ანგარიშვალდებული

„აუდიტის სამსახური არის მთავრობის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ამ მხრივ ძალიან დიდი როლი აქვს პარლამენტს. ჩვენ ბუნებრივია გვაქვს შიდა მექანიზმი, რომელსაც მუდმივად ვავითარებთ და ვმუშაობთ, რომ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი გაიზარდოს.

პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებობს აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2018-2023 წლებში უკვე 98 აუდიტი განიხილა და ეს რაოდენობა მზარდია.

გარდა ამისა, ჩვენ ახლა ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, რომელზეც წვდომა ექნებათ საქართველოს პარლამენტსა და ჩვენს აუდიტის ობიექტებს, რომლებიც ვალდებულები იქნებიან, რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინონ ელექტრონულ სისტემაში. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ნახონ რეკომენდაციების შესრულების სტატუსი. პროგრამა დანერგვის ეტაპზეა და ჩართულ მხარეებს მის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით“, - აცხადებს გენერალური აუდიტორის მოადგილე.

სოფიო დვალიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში პარლამენტმა სამუშაო ჯგუფის ფორმატში აუდიტის ანგარიშების განხილვა შედარებით გაააქტიურა, რამაც რეკომენდაციების შესრულების რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდა განაპირობა.

„რაც შეეხება მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, ასეთი რეკომენდაციები ჩვენ გაცემული გვაქვს ეფექტიანობის აუდიტებში, სადაც სარგებელი პირდაპირ შეიძლება მივიდეს საზოგადოებამდე ან კონკრეტული პროექტის ბენეფიციარებამდე. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ წინა წელთან შედარებით ცენტრალურ დონეზე რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი 56%-მდე ანუ 8 ერთეულით გაიზარდა. რა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტი განაპირობა იმანაც, რომ აქტიურად დაიწყო პარლამენტმა აუდიტის ანგარიშების განხილვა სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახურს დამოუკიდებლად ვერ ექნება გარე ფაქტორებზე ზეგავლენის საშუალება, რადგან საბოლოოდ რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არის შესასრულებელი“, - განაცხადა დვალიშვილმა.

გენერალური აუდიტორის მოადგილემ ბიუჯეტის დაფარვაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დაფარვას ის შესაბამისობის აუდიტები განაპირობებს, რომელსაც უწყება ატარებს.

„სწორედ შესაბამისობის აუდიტები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ორგანიზაციებში გარკვეული საკითხების პრევენცია მოვახდინოთ. მაგალითად, საუბარია ისეთი დანაშაულების პრევენციაზე, როგორიც არის კორუფცია, თაღლითობა და ა.შ. რაც შეეხება ეფექტიანობის აუდიტებს, ჩვენი სტრატეგიის ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ გავზარდოთ ეფექტიანობის აუდიტების რაოდენობა, ხოლო მეორე მხრივ - მათი ხარისხი“, - აღნიშნავს დვალიშვილი.

ცნობისთვის: 2022 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 47 აუდიტი ჩაატარა და ჯამურად 20 მილიარდი ლარი დაფარა. ჩატარდა 14 ფინანსური, 26 შესაბამისობის, ხოლო 7 ეფექტიანობის აუდიტი. 2022 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ კი 24.1 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები