მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამარტივებული წესით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხარვეზები გამოვლინდა - აუდიტი

აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტში გამარტივებული წესით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხარვეზები გამოვლინდა.

ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის გზით სამშენებლო სამუშაოები 6 ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა, რომლის საერთო ღირებულება 324.9 ათასი ლარი იყო.

"მერიამ სამუშაოები ჩაიბარა და ანგარიშსწორება განახორციელა მიმწოდებლების
ფაქტობრივი დანახარჯების დადასტურების გარეშე. გამარტივებული შესყიდვის დროს შესრულებული სამუშაოების ფასი დგინდება არაკონკურენტულ გარემოში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, შესაძლოა შესყიდვა განხორციელდეს არასაბაზრო ფასად.

ამ რისკიდან გამომდინარე, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, მერიამ მიმწოდებლებს მოთხოვნილი თანხები აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებული სრული ღირებულების შესაბამისად, რომელიც, დიდი ალბათობით, ზუსტად ვერ ასახავს მეწარმე სუბიექტების მიერ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯს", - წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა არ დაიცვა კანონმდებლობის მოთხოვნა და 324.9 ათასი ლარი მიმწოდებლებს აუნაზღაურა ფაქტობრივი დანახარჯების დათვლისა და დადასტურების გარეშე. აღნიშნული, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ქმნის საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.

რეკომენდაცია: მერიამ საკრებულოსთან ერთად, მიზანშეწონილია შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან.

ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს შესყიდვების კონკრეტული ფაქტები, მიმწოდებლებისგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები. შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები