მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის" პროგრამისთვის 2025 წელს ₾11 მლნ-ია გათვალისწინებული

თბილისის მერია

"აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში 2 400 ბავშვია ჩართული, რომლებსაც 11 ორგანიზაცია ემსახურებათ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„დღეს 2 აპრილია - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე და წელს ამ დღის დევიზია - „ჩვენი განსხვავებულობა გვაერთიანებს“. ამ მიმართულებით, ცნობადობის ამაღლება და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მუნიციპალიტეტი, ისევე, როგორც სხვა არაერთი მიმართულებით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს - გვაქვს შესაბამისი პროგრამა. თბილისის მერიამ, აღნიშნული პრობლემის წინაშე მდგარი ოჯახებისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და მასში 325 ბავშვი იყო ჩართული, დღეისთვის კი, მერიის პროგრამით, 2 400 ბავშვი და მოზარდი უწყვეტ რეჟიმში იღებს მომსახურებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერიას 2025 წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის 11 245 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

„პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი სეანსები ფინანსდება. დღეისთვის, თბილისის მერიის პროგრამას 11 ორგანიზაცია ემსახურება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, იმ ბავშვებისა და ახალგაზრდების თანადგომისთვის, რომლებიც ამ პროგრამაში მონაწილეობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები