მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„აუცილებელია დაზუსტდეს რას ნიშნავს მოდიფიცირებული ასფალტი“ - CIT Georgia გზის მშენებლების ახალ ვალდებულებაზე

ტიტე ჯიშიაშვილი

ინფრასტრუქტურული პროექტებში ლაბორატორიული სამუშაოების შემსრულებელი კომპანია Caucasian Infrastructure Technology-ის დირექტორი ტიტე ჯიშიაშვილის შეფასებით, განცხადება იმის შესახებ რომ გზის მშენებელ კომპანიებს გზის საფარის ზედა ფენის მოდიფიცირებული ასფალტით მოწყობის ვალდებულება ექნებათ ძალიან ზოგადია და დაზუსტებებს საჭიროებს.

საქმე ის არის, რომ 29 ივლისს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2026 წლიდან გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისას კომპანიებს მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენების მოთხოვნა გაუჩნდებათ. უწყების განმარტებით, მოდიფიცირებული ასფალტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გზის საფარის გამძლეობასა და მდგრადობას როგორც მაღალი ტემპერატურის, ისე ყინვის პირობებში. „ის უკეთ ეწინააღმდეგება კლიმატურ და მექანიკურ დატვირთვებს, ამცირებს ბზარების წარმოქმნის რისკს, ზრდის გზის ექსპლუატაციის ვადას და უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების უკეთეს მოჭიდებას, რაც მძღოლების უსაფრთხოებასაც უწყობს ხელს", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტიტე ჯიშიაშვილი აცხადებს, რომ სტანდარტების გაუმჯობესება კარგია, თუმცა მშენებლებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რა სახის მოდიფიცირებაზეა საუბარია, რათა სამუშაობი სწორად შეასრულონ.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიებს გზის საფარის ზედა ფენის ასფალტის მოდიფიცირებული ტექნოლოგიით მოუწევთ ძალიან ზოგადია, რადგან მოდიფიცირებაში იგულისხმება ნებისმიერი სახის გაუმჯობესება, რადგან ასფალტის მიმართულებით ძალიან ბევრი რისკები არსებობს, რამაც მისი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, უფრო მეტად უნდა იყოს ახსნილი თუ რას გულისხმობს ეს მოდიფიცირება, რადგან ერთმა კომპანიამ შეიძლება მოდიფიცირებად ერთი კონკრეტული ტექნოლოგიით გაუმჯობესება ჩათვალოს, მეორემ კი სხვა.... ამან, საბოლოო ჯამში ბაზარზე შესაძლებელია ძალიან ბევრი ფალსიფიცირებული პროდუქტის შექმნა გამოიწვიოს, რომელიც არსებული გამოწვევების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს“, - განმარტა ტიტე ჯაშიაშვილმა და თავისი კომპანიის მაგალითზე აღნიშნა, რომ კონკრეტული მოდიფიცირების ასფალტით გზების პროექტები საქართველოს მასშტაბით არაერთხელ შეუსრულებიათ, რაც გზის მედეგობას აუმჯობესებს.

„სიტყვა - მოდიფიცირება ჩვენ პირველად არ გაგვიგია, პირველად პოლიმერ მოდიფიცირებული ბიტუმით ასფალტი 4 წლის წინ რიკოთის მონაკვეთზე გავაკეთეთ, რომელიც კომპლექსურად დატვირთვისა თუ კლიმატური პირობების შესაბამისად ზრდის და აუმჯობესებს მედეგობას და აღნიშნული ასფალტის 15-20 წლის შემდეგ გამოყენებაც შესაძლებელია. ანალოგიური გავაკეთეთ 2 წლის წინ საგარეჯოს მონაკვეთზე, სადაც სრულად პოლიმერმოდიფიცირებული ბიტუმით მოხდა ასფალტის დაგება და შემიძლია ვთქვა, რომ ქართული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რომელსაც უნდა ერქვას პოლიმერმოდიფიცირებული ასფალტის მოთხოვნები“.

კომპანია Caucasian Infrastructure Technology-ის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ მოდიფიცირების კრიტერიუმების განსაზღვრა და ასფალტის ზედა ფენის ხარისხის გაუმჯობესების მიუხედავად, გზები უმეტესად ქვედა ფენებიდან ზიანდება და ყურადღება ამაზე უნდა გამახვილდეს.

„აუცილებლად უნდა დაზუსტდეს და გაიწეროს ის კრიტერიუმები თუ რას ნიშნავს მოდიფიცირება და რა შინაარსით იქნება ეს ასახული საგზაო სამშენებლო სამუშაოებში. ეს საკითხი ხელს შეუწყობს ხარისხის გაუმჯობესებას გზის საფარის ზედა ფენებში, თუმცა საგზაო სამოსზე დაზიანებები მომდინარეობს არა ზედა ფენიდან, არამედ საფუძვლიდან ან მისი ქვედა ფენიდან. ზედა ფენის ხარისხის გაუმჯობესება აუმჯობესებს მის სიცოცხლისუნარიანობას და ზრდის მის საექსპლუატაციო ვადას, თუმცა ეს პროცესი იმ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის, რომელიც გაცილებით დიდია და რაზედაც უფრო მეტადაა ყურადღება გასამახვილებელი - ამას გზის საფარის ზედა ფენის სტანდარტების გაუმჯობესება ვერ გადაწყვეტს“, - განაცხადა ტიტე ჯაშიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები