„გირჩი“ ლობისტური საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. კანონპროექტში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება.
ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანია ლობისტური საქმიანობის ლეგალიზება. შემოთავაზებული ცვლილებით გაფართოვდა იმ პირთა წრე, ვისაც უფლება აქვს დარეგისტრირდეს ლობისტად. პირი, რომელიც უფლებამოსილია დადოს სამოქალაქო ხელშეკრულება, შესაძლებელია გახდეს ლობისტი.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ლობისტის მიერ დავალების შესასრულებლად გაწეული ხარჯები დეტალური და საჯარო უნდა იყოს ყველასთვის.
„დღეს მოქმედი კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქის გარდა არცერთ სხვა პირს უფლებას არ აძლევს დარეგისტრირდეს ლობისტად, ასევე სხვა კანონით აკრძალულია პოლიტიკოსმა მატერიალური სარგებელი მიიღოს ლობისტური საქმიანობის ფარგლებში დადებული შეთანხმებიდან. კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ლობისტური საქმიანობის დალეგალიზება ქვეყანაში“, - განმარტავენ ავტორები.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევას და მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე აუცილებელი არ არის. კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას და არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
„პარლამენტი განიხილავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილება კი ამ კანონის ალტერნატივად შეიძლება იქნეს მიჩნეული, ამიტომ მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან, „გირჩის“ წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო და ვახტანგ მეგრელიშვილი.
რაც შეეხება ცვლილებებს, ის კანონში ასე აისახება:
საქართველოს კანონი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“
მუხლი 1. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 1998 წელი, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
- პირველ მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი:
,,3. კანონის მიზნებისთვის, ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმებით მიღებული ანაზღაურება არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას. ‘’
- მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,ლობისტად რეგისტრაციის უფლება აქვს პირს, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.’’
- მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად :
,,1. ლობისტად რეგისტრაციისთვის ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ‘’
- მე-5 მუხლს დაემატოს 11 ნაწილი
,,1.1 ლობისტად რეგისტრაციისთვის იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ,,ა. საიდენთიფიკაციო მონაცემები.’’
- მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,2. დავალება შეიძლება ითვალისწინებდეს ნორმატიული აქტების ან ნორმატიული აქტების პროექტის შეცვლას ან უარყოფას.’’
მე-9 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი :
,,3. ლობისტს უფლება აქვს, დავალების შესრულების მიზნით ხელშეკრულება გააფორმოს პარლამენტის, საკრებულოს, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჭევრებთან ან პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის შეთანხმდნენ ფულად ანაზღაურებაზე.’’
მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ’’ ქვეპუნქტი
,,გ) ლობისტის მიერ დავალებით გათვალისწინებული მიზნებისთვის პარლამენტის, საკრებულოს, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ან პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობის დროს გაწეული ხარჯების შესახებ, მათი გაწევის მიზნის, თარიღისა და პირობების მითითებით. ‘’