მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის განცხადებების ფონზე, ანაკლიაში არცერთი სერიოზული დასავლური კომპანია ფულს არ ჩადებს - გოცირიძე

6475e46fd1891
შოთა ტყეშელაშვილი
30.05.23 16:00
477
პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ მთავრობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ მიმდინარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე გააკეთა განცხადება. საქმე ის არის, რომ მთავრობამ ინტერესთა გამოხატვა ერთი თვით, 28 ივნისამდე გაახანგრძლივა. ანაკლიის პორტის საკითხზე, დეპუტატებმა ლევან დავითაშვილი ინტერპელაციაზე პარლამენტში 19 მაისს დაიბარეს, თუმცა ოფიციალური ცნობით, მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს სხდომა არ შედგა.

“ვნახეთ, რომ ინტერესთა გამოხატვა გაგრძელდა ერთი თვით. გვაინტერესებს, გამოხატა თუ არა ვინმემ ინტერესი? და თუ არ გამოხატა, მაშინ იწყებს თუ არა პროექტის მშენებლობას მთავრობა? ბატონი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მაინც დავიწყებთ მშენებლობასო, ისიც განაცხადა, რომ ააშენებს ნამახვანის ჰესს, რომელიც 1 მილიარდი ღირს, ასევე ააშენებს ნენსკრა ჰესს, რომელიც ასევე 1 მილიარდი ღირს, ააშენებს ხუდონის ჰესს, რომელიც 1 მილიარდზე მეტი ღირს. ანუ მხოლოდ ამ სამ ჰესში მთავრობა ჩადებს 3 მილიარდ დოლარს, საიდანაც გააგდეს ინდოელი, თურქი და კორეელი ინვესტორი. თურქი იმიტომ, რომ ქართული მიწა არ უნდა დაიძიროსო და ამ აქციის ჩუმი მხარდამჭერი იყო საქართველოს მთავრობა. ახლა ამბობენ, რომ ანაკლიას ჩვენ ავაშენებთო, რომელი სერიოზული ინვესტორი შემოვა? თანაც იმ პირობით, რომ მას არ ექნება საკონტროლო პაკეტი, დასავლური სერიოზული კომპანია ამ ხელისუფლების განაცხადების შემხედვარე, არ ჩადებს აქ ერთ თეთრს.

აბა ვნახოთ 28-ში ერთი თვის მერე რა კომპანიები იქნებიან? თუ ვინმე იქნა, ეს იქნება ალბათ ან ჩინური, ან არაბული კომპანია. კიდევ ერთხელ გვინდა ვკითხოთ ეკონომიკის მინისტრს, რამდენი განაცხადი შემოვიდა 19 მაისის მდგომარეობით?

ჩვენ გვაქვს ოფიციალური პასუხი, რომ 30 აპრილის მდგომარეობით, არცერთი განაცხადი არ იყო შესული,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს მთავრობამ ინვესტორებისთვის ანაკლიის პორტზე წინადადებების მიღება ერთი თვით 28 ივნისამდე გადაავადა. გადავადდა წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო ვადაც.

ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულნი ინვესტორები. 30 აპრილისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში არცერთი ოფიციალური განაცხადი არ იყო შესული და ეს იმ დროს, როდესაც მთავრობა გეგმავს პორტის მშენებლობა წელსვე, შემოდგომაზე დაიწყოს, ახალი პირობებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტის 51%-იანი წილი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება.

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ გადაცემა “ანალიტიკას“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ტვირთის მოზიდვის პასუხისმგებლობა სრულად ინვესტორზე იქნება და მთავრობა არ აპირებს ინვესტორს ტვირთბრუნვის რისკი დაუზღვიოს. "თუ ოპერატორი ვერ იძლევა ტვირთების ტრეფიკის გარანტიას, მაშინ აზრს კარგავს გვყავდეს კერძო ოპერატორი აქ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს შეუძლია ორჯერ უფრო ნაკლებ პროცენტში მოიზიდოს საკრედიტო დაფინანსება", - თქვა ხუციშვილმა.

პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო, მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები