თბილისმა სტუმარმასპინძლობის გლობალურ ღონისძიებას - Hospitality Investment Forum 2026-ს უმასპინძლა. ფორუმს სტუმარმასპინძლობის სექტორის წამყვანი მოთამაშეები, ადგილობრივი და საერთაშორისო დეველოპერები, ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტები და ტურიზმის ინდუსტრიის ექსპერტები ესწრებოდნენ.
სპიკერებმა მონაწილეებს გლობალური ბაზრის ტენდენციები, საერთაშორისო გამოცდილება, ოპერაციული მართვის თანამედროვე მოდელები და წარმატებული პროექტების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწრაფად მზარდი ბაზრების შესაძლებლობებს, საინვესტიციო რისკების მართვასა და რეგიონული პარტნიორობების გაძლიერებას.
HIF ახალი სასტუმრო პროექტების განვითარებაზე, კურორტებისა და მრავალფუნქციური უძრავი ქონების მიმართულებებზე, სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვასა და მდგრადი სტანდარტების დანერგვაზე იყო ფოკუსირებული.
საერთაშორისო მასშტაბის ფორუმების მნიშვნელობაზე და ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე „საქმიანი დილის“ ეთერში სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორის ვალერი ჩეხერია მიიჩნევს, რომ შემოსავლების ზრდისთვის ქვეყნის სწორი პოზიციონირება, მიზნობრივი ბაზრების შერჩევა და მათზე ფოკუსირებული მუშაობა აუცილებელია. ამ პროცესში კი გადამწყვეტ როლს ინფრასტრუქტურის მოწყობა და ფრენების დამატება ასრულებს.
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორში მოღვაწე ადამიანები ერთად შევიკრიბეთ. ასეთი ფორმატი ნამდვილად გვაკლდა. შესაბამისად, აქტიური და საქმიანი მსჯელობა გაიმართა იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყანაში, რათა ტურიზმის ხარისხი გაუმჯობესდეს. საუბარი შეეხო იმასაც, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი ტურისტი, რა ინფრასტრუქტურული პროექტებია საჭირო მაღალ გადამხდელუნარიანი ტურისტების მოსაზიდად და როგორ შეიძლება გაიზარდოს ნომრის საშუალო წლიური ფასი, რომელიც ბოლო წლებში პრაქტიკულად არ შეცვლილა, მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა. ეს საკითხები მნიშვნელოვანი და საინტერესოა როგორც მოქმედი, ისე მომავალი ინვესტორებისთვის.
მთავარი თემები იყო ქვეყნის სწორი პოზიციონირება, მიზნობრივი ბაზრების შერჩევა და მათზე ფოკუსირებული მუშაობა. ჯერ უნდა შევაფასოთ, რა პროდუქტი გვაქვს და რისი შეთავაზება შეგვიძლია, შემდეგ კი დავგეგმოთ კონკრეტულ ბაზრებზე გასვლა. აუცილებელია პირდაპირი ფრენების ზრდა და შიდა ტრანსპორტის განვითარება. მაგალითად, სვანეთსა და გუდაურში მისვლა, სამთო კურორტების მოწესრიგება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ასევე განიხილებოდა ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარება — რა პროგრამები, გასართობები, სამეცნიერო და საკონფერენციო (MICE) მიმართულებები შეიძლება გავაძლიეროთ, რათა ქვეყანამ მთელი წლის განმავლობაში მიიღოს სტაბილური ნაკადები.
ნებისმიერი ახალი მიმართულების განვითარებისთვის აუცილებელია მკაფიო გეგმა — მასტერ-პლანი და გენგეგმა: განაშენიანების სტანდარტები, ზონირება, სასტუმროებისა და რეკრეაციული სივრცეების სწორად განაწილება. ამის შემდეგ უკვე უნდა მოჰყვეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა — გზები, ტრანსპორტი, შიდა ფრენები. მაგალითად, თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენების არარსებობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა.“ - განაცხადა ჩეხერიამ.




























