მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუზები, გასართობი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები - რას აშენებს IG Development შაორის ტბაზე?

64c0d158c7b10
ინგა მურუსიძე
26.07.23 12:52
3181
რაჭაში, შაორის ტბაზე, რეზორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსი შენდება. ინვესტორი სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანია IG Development-ია. კომპანიამ ტბის პირველ ზოლში მდებარე 29 693 კვ/მ მიწის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონის წესით ქონების ეროვნული სააგენტოსგან 2022 წელს შეიძინა, რომლის განვითარებაზეც მისი შვილობილი „სითი დეველოპმენტი“ იზრუნებს.

„სითი დეველოპმენტის“ კომერციული დირექტორი, გიორგი ებანოიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცედურები, თითქმის ყველა დეტალი გავლილია და სავარაუდოდ, გაზაფხულიდან მშენებლობაც დაიწყება. როგორც მან გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტში" საუბრისას განმარტა, ვადებში ჩამორჩენა არ არის.

„ვიდრე პროექტზე მუშაობას დავიწყებდით, დეტალურად შევისწავლეთ, თუ საიდან შეიძლება საერთაშორისო მომხმარებლის მოზიდვა. 15 წუთის გზაზე გვაქვს ლოკალური აეროპორტი, საიდანაც თბილისიდან ხორციელდება ფრენები, საერთაშორისო აეროპორტიდან 1.5 საათია. ეს იქნება რეზორტის ტიპის, უამრავი გასართობი საშუალებით დატვირთული სასტუმრო. სულ რომ არაფერი გააკეთო, იქ ისეთი ხედებია, აუცილებლად დარჩენას მოგანდომებს. დამატებითი ინფრასტრუქტურა, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, ეს არის უმაღლესი ხარისხის რესტორნები, რომლებიც ტბის სანაპიროზე იქნება. ვგეგმავთ ასევე ტყეში საპიკნიკე ადგილების გაკეთებას, ველოსიპედების, მოტორიზებული საშუალებების გაქირავებას, საცხენოსნო ბილიკების ორგანიზებას. ასევე, გვინდა წყლის ზედაპირის გამოყენებაც, გაკეთდება ნავსაყუდელი, რომელიც გათვლილი იქნება როგორც მოტორიზებულ საშუალებებზე, ასევე ნავებზე, წყლის ველოსიპედებზე და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი ებანოიძემ.

მისივე თქმით, სასტუმროს სიმაღლე გენგეგმით არის შეზღუდული და ის არაუმეტეს 4 სართულის იქნება.

„სასტუმროს მაღალგანვითარებას არ ვაპირებთ, ფასადით მაქსიმალურად იქნება გარემოსთან თანხვედრაში, გათვლილი იქნება 120 ნომერზე. გვექნება საკმაოდ მოზრდილი საღონისძიებო სივრცე, რომელშიც როგორც ფესტივალების ჩატარება, ისე ცალკეული, კერძო ღონისძიებების ჩატარება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ებანოიძემ.

რაც შეეხება საფასო სეგმენტს, კომერციული დირექტორის ინფორმაციით, კონკრეტული ფასების დასახელება ახლა არ შეუძლია და ყველაფერი დამოკიდებული იქნება გახსნის დროს ბაზარზე არსებულ ვითარებაზე. „აუცილებლად საშუალო და საშუალოზე მაღალშემოსავლიან მომხმარებელს მოემსახურება. ჩვენი მიზანია, რომ ზაფხულის სეზონზე მოვიზიდოთ ადამიანები, რაც შეიძლება გრძელი ვადით, დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით. მათ განკარგულებაში იქნება ღია და დახურული აუზები, ტბაში აუზი, სპა და ა.შ. დაბალ სეზონზე გვინდა უცხოელ დამსვენებელს მოვემსახუროთ“, - აღნიშნავს კომერციული დირექტორი.

მისი ინფორმაციით, მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება. სამუშაოებისთვის ორი წელია გათვალისწინებული. პროექტის ინვესტიცია დაახლოებით 20-30 მილიონი ლარია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები