მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

cityzen expo

დეველოპერული კომპანია IG Development თბილისის კიდევ ერთ ისტორიულ არეალს აცოცხლებს: 22 ოქტომბრიდან კომპანია "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის, "სითიზენ ექსპოს" (Cityzen Expo) წინასწარ გაყიდვებს ოფიციალურად იწყებს - პროექტის დეტალებზე BMG-ს IG Development-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი მინდია საბანაძე ესაუბრა.

მისი თქმით, მრავალფუნქციური კომპლექსის საერთო საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის მთავარი ღერძი 10 ჰექტარი საუკუნოვანი ტყე-პარკის, ხელოვნური ტბის, საგამოფენო პავილიონებისა და ავთენტიკური არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-რესტავრაციაა.

როგორც მინდია საბანაძე განმარტავს, "სითიზენ ექსპო" მასშტაბითა და შინაარსით უპრეცედენტოა ქართულ დეველოპერულ ბაზარზე, რადგან დედაქალაქის ცენტრში მსგავსი ბუნებრივი და ისტორიული რესურსის მქონე ლოკაცია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

"გულწრფელად ვამაყობ ამ პროექტით. ხაზგასმით აღვნიშნავ და ყოველ სიტყვაზე პასუხისმგებლობას ვიღებ - ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის ანალოგი ქალაქში ფიზიკურად აღარ იქნება. 10 ჰექტარი ტყე-პარკი, ხელოვნური ტბა, წყლის სარკე, ცნობილი ქართველი არქიტექტორებისა და მოქანდაკეების ძეგლები თუ მოზაიკები - ეს ყველაფერი რესტავრირდება და განახლებული სახით ჩაბარდება საზოგადოებას.

სადაც შევდივართ, არსად ვითხოვთ კოეფიციენტების გაზრდას. პირიქით - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დიდუბეში არსებული 4.6 კოეფიციენტით (კ2) 450 000 კვ.მ.-ის აშენების უფლება გვქონდა, თუმცა სამშენებლო ფართი ნახევარზე მეტით მოვიკელით. უზარმაზარ ფართზე ვთქვით უარი მხოლოდ იმიტომ, რომ სრულად შენარჩუნდეს არსებული ინფრასტრუქტურა - თავისი ექსპო-ცენტრით, საგამოფენო პავილიონებითა და 10-ჰექტარიანი რეკრეაციით. მშენებლობა განვითარდება მხოლოდ და მხოლოდ იმ წერტილებში, სადაც დღეს ასფალტის საფარია", - აცხადებს მინდია საბანაძე.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ექსპო-ცენტრის საგამოფენო სივრცეები სრულად ინარჩუნებს თავის პირვანდელ ფუნქციას და პროექტი მათ რესტავრაციასაც მოიცავს. ამასთან, საპარკე ზონა არ ჩაიკეტება და ისევ საჯარო სივრცედ დარჩება:

"ეს არ არის ხელოვნურად ჩარგული პატარა ბუჩქი - ეს ნამდვილი ბუნებაა ქალაქის ცენტრში. როგორც აქამდე იყო პარკი ღია და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო 24/7-ზე შემოსვლა, ზუსტად ასე რჩება დღესაც. მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, 24/7-ზე ისეირნოს, ივარჯიშოს, დაისვენოს. ჩვენი მხრიდან კი ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე მოვლილი და ნაპატრონები.

ტერიტორიაზე დაგეგმილია მორგებული, დაბალანსებული კომერციული ზონა და კოპწია სავაჭრო სივრცე (მოლი), კაფეები, რაც საცხოვრებელ და საგამოფენო ფუნქციასთან სრულ სინქრონში იქნება. მშენებლობა ისეა შეფუთული, რომ საგამოფენო სივრცეების ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს და პროექტი მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დასრულდეს", - ამბობს მინდია საბანაძე.

საინვესტიციო ღირებულებაზე საუბრისას ბიზნესმენი წარსულ გამოცდილებასა და "სითიზენ ცენტრალ პარკის" შედეგებს იხსენებს. საბანაძის შეფასებით, IG Development-ის მიდგომა - როდესაც კომერციული მოგების მაქსიმიზაციის ნაცვლად აქცენტი ხარისხსა და რეკრეაციაზე კეთდება - გრძელვადიან პერსპექტივაში მყარ გარანტიებს ქმნის.

"Cityzen-ში 50 000 კვ.მ. ტერიტორიიდან 25 000 კვ.მ. დავტოვეთ პარკად. შეგვეძლო, იქაც ძვირად ღირებული მიწისზედა პარკინგები ან კორპუსები ჩაგვედგა, მაგრამ გავაკეთეთ გამწვანებული, მანქანებისგან თავისუფალი ეზო. მომხმარებელი ამ ხარისხს ხედავს და აფასებს.

გარანტირებულად ვიცი, რომ რა ფასითაც 22 ოქტომბრიდან ექსპოს პროექტის წინასწარ გაყიდვებს ვიწყებთ, პროექტის ბოლოს ეს ღირებულება ორჯერ მეტი იქნება. ეს არ არის მიდგომა, რომ ააშენო, უცებ გაყიდო და ტერიტორია დატოვო. ჩვენ ყველგან ვრჩებით - ვიტოვებთ კომერციულ ფართებს და მართვაში ვიღებთ მთლიანი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას. სავაჭრო ცენტრების მართვის დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ დეველოპერის მუდმივი ჩართულობის გარეშე საუკეთესო პროექტიც კი დროთა განმავლობაში ფასს კარგავს", - განაცხადა IG Development-ის დამფუძნებელმა.

როგორც მინდია საბანაძე აღნიშნავს, "სითიზენის" კონცეფცია უპირველესად რეალურ მობინადრეზეა გათვლილი და არა მხოლოდ სპეკულაციურ, მოკლევადიან გადაყიდვაზე:

"დღეს "სითიზენის" გაყიდული ბინების 90% ქართველებზე და თბილისელებზე მოდის. უცხოელი ინვესტორებიც გვყავს, მათ შორის ებრაელები, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩვენთან ბინას ყიდულობენ საცხოვრებლად და არა როგორც ბირჟის აქციას, რომლის ხარისხიც კი არ იციან. ადამიანები ენდობიან ჩვენს ხარისხს, ლოკაციას და იციან, რომ კომპლექსს მომავალშიც უმაღლეს დონეზე მოვუვლით.

ჩვენი მთავარი მიზანია, ქალაქს დავუტოვოთ პროექტი, რომლითაც წლების შემდეგაც ყველა იამაყებს. გრძელვადიან პერსპექტივაში გაკეთებული სიკეთე და ხარისხი ყოველთვის უკან ბრუნდება", - დასძენს მინდია საბანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები