კომპანია „სითიზენის“ დამფუძნებელ, ბიზნესმენ მინდია საბანაძის განცხადებით, მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი "სითიზენ ექსპო" "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიის უკიდურესი კუთხეების 18%-ის განაშენიანებას გულისხმობს.
მინდია საბანაძის განცხადებით, სრულად შენარჩუნდება მწვანე სივრცე და პირიქით, პროექტის ფარგლებში დამატებით შეიქმნება 10 ათასი კვადრატული მეტრი რეკრეაციული ზონა. ასევე, ექსპო ინარჩუნებს მის მთავარ, საგამოფენო ფუნქციას და ყველა პავილიონს.
"ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე მწვანე სივრცეს ჩვენ არ ვეხებით, ვერც შევეხებით, რადგან დაცული არის პრემიერის ბრძანებით, რომელიც გვავალდებულებს, 24/7-ზე იყოს გახსნილი სივრცე და მოვემსახუროთ მოსახლეობას“, - აცხადებს ბიზნესმენი.
ამასთან, როგორც მინდია საბანაძემ BMG-სთან განაცხადა, ტერიტორია "სითიზენის" საკუთრებაა, რომელიც ასევე კერძო მესაკუთრისგან შეიძინეს. იგი დარწმუნებულია, რომ პროექტზე სამშენებლო ნებართვას უახლოეს მომავალში მიიღებს.
ინვესტორი ასევე გამოეხმაურა პროექტთან დაკავშირებულ პროტესტს და თქვა, რომ დარწმუნებულია, საზოგადოების უკმაყოფილება ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული, რადგან ყველა მოთხოვნა, რაც ჟღერდება, პროექტში სრულად გათვალისწინებულია.
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქციის მონაწილეებს არ აქვთ ინფორმაცია და სწორედ იმიტომ აპროტესტებენ,“ - ამბობს ბიზნესმენი.
ცნობისთვის: 22 ოქტომბრიდან, კომპანიამ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის, "სითიზენ ექსპოს" (Cityzen Expo) წინასწარი გაყიდვები დაიწყო. მრავალფუნქციური კომპლექსის საერთო საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის მთავარი ღერძი მწვანე პარკის, ხელოვნური ტბის, საგამოფენო პავილიონებისა და ავთენტიკური არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-რესტავრაციაა.
























