მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"9 პრობლემური კომპონენტი გამოიკვეთა" - "დაიცავი გამოფენას" კვლევა CITYZEN Expo-ს პროექტზე

მიშა ბალიაშვილი

საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი გამოფენა“ CITYZEN Expo-ს პროექტზე კვლევა ჩაატარა. არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი მიშა ბალიაშვილი ამბობს, რომ ანალიზის შედეგად ცხრა პრობლემური კომპონენტი გამოიკვეთა, რომელიც აჩვენებს, რომ პროექტი ამცირებს რაიონის ისედაც დეფიციტურ მწვანე სივრცეს, ისტორიულ პავილიონებს დაცვის გარეშე ტოვებს და დიდუბე-ნაძალადევში სატრანსპორტო კოლაფსის რისკს ქმნის.

საქმე ისაა, რომ დეველოპერულმა კომპანია „სითიზენმა“ რამდენიმე კვირის წინ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიის განვითარების ხედვა წარადგინა. CITYZEN Expo-ს პროექტის წინააღმდეგ საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაერთო და საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი გამოფენა“ შეიქმნა, რომლის წევრებისთვისაც დაანონსებული პროექტი მიუღებელია.

მიშა ბალიაშვილმა კვლევის შედეგებზე გადაცემა "საქმიანი დილაში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაანალიზდა როგორც უშუალოდ ექსპოზე, ისე - ქალაქზე გავლენა.

"ექსპოს გარშემო საპროტესტო მოძრაობა დაიწყო სწორედ არქიტექტორთა ჯგუფის მიერ, რადგან არქიტექტორებისთვის და ქალაქმგეგმარებლებისთვის უფრო მარტივია პრობლემების გაგება, რასაც ეს პროექტი გამოიწვევს. როდესაც დეველოპერი ამბობს, რომ მხოლოდ ასფალტიან ადგილას მოხდება ახალი მშენებლობა, შენარჩუნდება რეკრეაცია და პავილიონები, ძნელია არაპროფესიონალისთვის იმის გაგება, თუ პრობლემა რაში მდგომარეობს. ემოციურ და ინტუიციის ფონზე რომ არ ყოფილიყო ჩვენი პოზიცია, დაახლოებით ორი-სამი კვირა მოვანდომეთ პროექტის შესწავლას. ყველა მისი ხარვეზი, ნაკლი და ყველა ის ზეგავლენა გამოგვევლინა, რომელიც ექსპოს ამცირებს, როგორც ფუნქციას, და ასევე თუ რა ზეგავლენა ექნებოდა ამას ქალაქზე, იმიტომ რომ ეს არ არის ლოკალური მნიშვნელობის პროექტი. საქართველოში ერთადერთი ექსპო გვაქვს და ნებისმიერი სახით მისი შემცირება ან დაკნინება უკვე არასწორია და არავისთვის არ უნდა იყოს მისაღები.

ინგრევა ორი პავილიონი - მე-11 და მე-7. მე-7 პავილიონი დღეს არ ფუნქციონირებს როგორც პავილიონი, თუმცა ამ კომპლექსის შემადგენელი ნაწილია და აქ იყო კინოთეატრი, რესტორანი და იყო ოფისები, რომლებიც ინგრევა. 5500 კვადრატულის მაგივრად შენდება ერთი პავილიონი 3500 კვ.მ-იანი ანუ ჯამში ექსპო მხოლოდ ციფრებით 2000 კვადრატულ მეტრს კარგავს.

როდესაც ამბობს დეველოპერი, რომ უფრო დიდი პავილიონი აშენდება, რაც მოემსახურება უფრო დიდ გამოფენებს და ასე შემდეგ, სად იქნება პარკინგი? თუ ექსპოს პარკინგზე შენდება ეს შენობები, მაშინ სად მიდის პარკინგი? ესეც ბოლომდე შევეცადეთ, რომ შეგვესწავლა. ჯამში ვიცით, რომ 1500 საპარკინგე ადგილი უნდა იყოს ტერიტორიაზე, თუმცა იმ დოკუმენტაციის საფუძველზე, რასაც ჩვენ ვნახულობთ, 1600 ბინა იქნება. ამ 1600 ბინას ექნება 1500 პარკინგი, მაგრამ არსად იქნება მოლის და ექსპოს და ოფისების ავტოსადგომები. ჩვენი გათვლებით, იმ შემთხვევაში, თუ იქნება მხოლოდ 1500 ავტოსადგომი ტერიტორიაზე, 2300 მანქანა რჩება გარეთ. ეს არის რეალური საჭიროება, რაც ამ ტერიტორიას უნდა ჰქონდეს.

დეველოპერისგან ვიცით, რომ გამწვანება არ მცირდება. პირიქით, ვალდებულება აიღეს, რომ პარკი იქნება საჯარო, თუმცა მანამდეც ეს ტერიტორია მთლიანად საჯარო იყო. პირველ რიგში უნდა შევაფასოთ, ეს პარკი რამდენად ჰყოფნის იმ ტერიტორიას, რასაც ემსახურება. დიდუბეში სხვა პარკი არა გვაქვს, თუ არ ჩავთვლით მუშთაიდის ბაღს და ყველაზე ახლოს არის კიკვიძის ბაღი. შესაბამისად, ექსპო ჯორჯიას პარკი ემსახურება 270 ჰექტარამდე ტერიტორიას. ყველაზე ნაკლებად მკაცრი სტანდარტით რომ დავითვალოთ, ეს იმის 10%-ია, რაც უნდა იყოს ასეთ ქალაქგეგმარებით სტრუქტურაში. შესაბამისად მისი არანაირად შემცირება არ არის დაშვებული. პირველ რიგში, ეს მცირდება ზონირების ხარჯზე - განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ-ს) დოკუმენტაციით ვნახულობთ, რომ 8000 კვადრატული აკლდება მხოლოდ ზონირებით და შემდეგ, მეორე არის მნიშვნელოვანი: სად არის ამ ახალი დეველოპმენტის ეზო? ანუ ახალ დეველოპმენტს თავისი ეზო არა აქვს, შესაბამისად ეს საჯარო სკვერი ბუნებრივად იქნება გამოყენებული ეზოდ. დავთვალეთ დაახლოებით, ამ სკვერის რა ნაწილი სჭირდება ეზოდ ახალ კომპლექსს და ეს ნახევარზე მეტი, დაახლოებით 15 000 კვ.მ.-ია. შესაბამისად, 26 000 კვ.მ სკვერიდან საჯარო პარკს მხოლოდ 11 000 კვ.მ შერჩება.

დენდროლოგიური პროექტის მიხედვით, ტერიტორიის გამწვანება (30%) პავილიონების გარშემო ტერიტორიას მოიცავს, რაც აუქმებს პავილიონების მომსახურების სივრცეებს (პერსონალის ავტოსადგომები, მომარაგება, სერვის სივრცეები). პავილიონების გარშემო კი 652 ხე დაირგვება, რომლებიც პრაქტიკულად დახურავენ ხედს და სინათლის წყაროს საექსპოზიციო სივრცეებისათვის.

ჩვენი კვლევით პრინციპში ვამტკიცებთ იმას, რომ აქ არაფერი არ ეტევა: არც პარკინგი, არც მცხოვრებლები, გამწვანებაც კი არ ეტევა.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სატრანსპორტო ზეგავლენის კვლევა: ეს არის სტანდარტული მოთხოვნა ნებისმიერი პროექტისთვის. როდესაც შევისწავლეთ ამ პროექტის სატრანსპორტო ზეგავლენის კვლევა, ვერ ვიპოვეთ მთავარი ნაკადები, რაც შეეხება მოლს და ექსპოს. საჯარო დოკუმენტაციაში არის მარტო დათვლილი საცხოვრებელი და საოფისე ფუნქცია, თუმცა ძირითადი ნაკადი, რა თქმა უნდა, მოლზე მოდის და ექსპოზე, როცა იქ ღონისძიება იმართება. ეს შეკითხვაც გვქონდა როგორც მერიასთან, ასევე დეველოპერთან. კიდევ უარესი: ექსპოდან ერთი კილომეტრის რადიუსში მიმდინარეობს ოთხი საკმაოდ დიდი დეველოპერული პროექტის განხორციელება-დაგეგმვა. მათი ჯამური სამშენებლო ფართობი არის 1 150 000 კვადრატული მეტრი. თითოეულ ამ პროექტზე არის მოთხოვნილი სატრანსპორტო ზეგავლენის კვლევა და ყველას აქვს ცალ-ცალკე გაკეთებული, შეტანილი არის ტრანსპორტის სამსახურში და დამტკიცებულია, მაგრამ არავის არ შეუჯამებია ეს ციფრები. უხეშად რომ ვთქვათ, 2-2 ათასი მანქანა პიკის საათში ემატება თითოეული პროექტით. ჩვენ რომ შევკრიბეთ მხოლოდ ორი პროექტის მონაცემები, უკვე ვეღარ ატარებს წერეთელი და კოლაფსს იწვევს.

ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავთ, რისთვისაც გვინდოდა მერიასთან, საკრებულოსთან და დეველოპერთან ერთად შეხვედრა და ამაზე ყველაფერზე ღიად საუბარი და ეს ვერ მოხერხდა. ჩვენი საქმე არ არის კომპრომისების ძებნა - ჩვენი საქმე არის ამ შემთხვევაში პრობლემების მოსახლეობისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდება. ექსპო არის ერთი, კორპუსმა არ უნდა შეიწიროს. შესაბამისად, შეიძლება აქ გამოსავალი იყოს ის, რომ ამ დეველოპმენტის მაგივრად განხორციელდეს რაღაცა პროექტი, რომელიც საზოგადოებრივ და საექსპოზიციო სივრცეს აქცევს კულტურულ, ყოველდღიურად გამოყენებად სივრცედ.

პროექტს დამტკიცების პირველი ეტაპი გავლილი აქვს, ახლა უკვე განაშენიანების რეგულირების გეგმის ბოლო ეტაპი მტკიცდება. ჩვენ ნანახი გვაქვს ასევე მერიის შენიშვნებიც და ვიცით დაახლოებით პოზიცია, რა ხარვეზები აქვს, თუმცა ის, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ხარვეზადაც არ არის წარმოჩენილი.

მინიმუმ იმედი გვაქვს, რომ საჯარო შეხვედრა მოხდება როგორც დეველოპერთან, ასევე შემთანხმებელ ორგანოსთან და კითხვებზე მივიღებთ რამე პასუხებს", - ამბობს მიშა ბალიაშვილი.

მან ასევე ისაუბრა განკარგულებაზე, რომელმაც ტერიტორიის პრივატიზაციის პირობა და ზონირება შეცვალა, რაც არქიტექტორის თქმით, გაუგებარია, თუ რის საფუძველზე მოხდა. კერძოდ, 1994 წლის პრივატიზების პირობებით მყიდველს ტერიტორიის საგამოფენო პროფილის შენარჩუნება ეკისრებოდა. მთავრობის 2024 წლის №1649 განკარგულებით ეს ვალდებულება შეიცვალა და მერიას დაევალა 250 000 კვ.მ-ზე მშენებლობის ნებართვის გაცემის გათვალისწინება. შედეგად ტერიტორიის 51% სამშენებლო ხდება, 49% კი საგამოფენო და სარეკრეაციო ფუნქციას დაეთმობა.

[ექსპო ჯორჯიას] რეკრეაციულ სივრცეს 10 000 კვ.მ. დაემატება… აშენდება ახალი საგამოფენო პავილიონი - რესან ქიქავა

"ექსპოს ტერიტორიის მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონა სრულად ხელუხლებელი დარჩება" - მინდია საბანაძე

"სითიზენ ექსპო" ტერიტორიის მხოლოდ 18%-ის განაშენიანებას გულისხმობს - მინდია საბანაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები