მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[ექსპო ჯორჯიას] რეკრეაციულ სივრცეს 10 000 კვ.მ. დაემატება… აშენდება ახალი საგამოფენო პავილიონი - რესან ქიქავა

ექსპო ჯორჯია

„ექსპო ჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა აცხადებს, რომ "სითიზენის" მიერ დაანონსებული "ექსპო ჯორჯიას" განახლების და განვითარების პროექტის ფარგლებში განახლდება არსებული რეკრეაციული სივრცე და 10 000 კვ.მ. რეკრეაციული ზონა დაემატება. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

ქიქავა პროექტის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს და ასევე „სითიზენის“ პროექტის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასაც ეხმიანება.

რესან ქიქავა ხაზს უსვამს, რომ "სითიზენი" კომერციული ინტერესის მიღმა, თანახმაა "ექსპო ჯორჯიას" ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობის განახლებაზე, საზოგადოებრივი ფუნქციის შენარჩუნებასა და საგამოფენო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რასაც მათი პარტნიორობა ეფუძნება.

"ახლახან სითიზენმა დააანონსა ექსპო ჯორჯიას განახლების და განვითარების პროექტი, რომლის მიხედვითაც:

  • ხელშეუხებელია ყველა საგამოფენო პავილიონი
  • ხელშეუხებელია და მოსახლეობისთვის ღიად რჩება რეკრეაციული ზონა
  • სრულად განახლდება ყველა არქიტექტურული ობიექტი, იქნება ეს პავილიონი, ორანჟერეა, ქანდაკება, ბარელიეფი, თუ მოზაიკა
  • განახლდება არსებული რეკრეაციული სივრცე და მას დაემატება 10 000 კვ.მ. (საზოგადოებისთვის ასევე ღია) რეკრეაციული ზონა
  • აშენდება სრულიად ახალი საგამოფენო პავილიონი, რომელიც ექსპო ჯორჯიასთვის არსებულ საგამოფენო მოცულობას გაზრდის სამმაგი ოდენობით
  • მოეწყობა საპარკინგე სივრცეები მიწისქვეშ, რაც ტერიტორიას სრულად გაათავისუფლებს ავტომობილებისგან.

ყოველივე ზემოხსენებულის უზრუნველსაყოფად და კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიამ დააანონსა რამდენიმე პროექტის განხორციელება, საგამოფენო ცენტრის მხოლოდ გარე პერიმეტრზე, კერძოდ, სამტრედიის და სტანისლავსკის ქუჩების მხარეს (რომელიც რამდენად არის არქიტექტურულად, ან ესთეტიკურად რამე ღირებულების მატარებელი, შეგიძლიათ თავად შეაფასოთ).

პროექტები მოიცავს "სითი-მოლის" მსგავსი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას სამტრედიის მხარეს, სამი საცხოვრებელი ბლოკით და სასტუმროს მშენებლობას, სტანისლავსკის მხარეს, ორი საცხოვრებელი ბლოკით.

ამ გეგმებიდან გამომდინარე, გასააზრებელია, რეალურად რისი დათმობა უწევს საზოგადოებას და რისი არა და ამის საპირწონედ, რა სიკეთის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის ყველაფერ ზემოხსენებულს. როგორ აისახება ამ პროექტის განხორციელება ექსპო ჯორჯიაზე, მის ინფრასტრუქტურაზე, ისტორიულ ძეგლებზე, სივრცის კეთილმოწყობაზე, პარკზე, ასევე როგორ აისახება ასეთი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე, მათი უძრავი ქონების ფასებზე, სამუშაო ადგილებზე და ა.შ.",- წერს ქიქავა.

“ექსპო ჯორჯიას” დირექტორი განცხადებას ავრცელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები