მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექსპოს ტერიტორიის მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონა სრულად ხელუხლებელი დარჩება" - მინდია საბანაძე

საბანაძე

„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, ინვესტორი მინდია საბანაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ არის უბრალოდ მშენებლობა, ეს არის პროექტი, რომელიც „ექსპოს“ გადარჩენას და განვითარებას უზრუნველყოფს.

კომპანია „სითიზენის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი BMG-სთან ამბობს, რომ ტერიტორია სრულად მათ კერძო საკუთრებაშია, სამშენებლო ნებართვის მიღებას კი უახლოეს მომავალში ელოდებიან. საბანაძის მტკიცებით, მათმა კომპანიამ უფრო მეტი ვალდებულება და პირობა ჩადო პროექტში, ვიდრე ეს ნებართვის მისაღებად იყო კანონმდებლობით განსაზღვრული. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ ტიპის დეველოპერული პროექტის გარეშე, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიას ნაწილ-ნაწილ გასხვისებისა და ქაოსური განაშენიანების საფრთხე დაემუქრებოდა.

„მე, როგორც კომპანიის დამფუძნებელს, მაქვს ვალდებულებაც და პასუხისმგებლობაც, რომ დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია პროექტის განვითარების შესახებ. როგორც იცით, “ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორია კერძო საკუთრება იყო. ჩვენ ეს ტერიტორია კონკრეტული მესაკუთრეებისგან შევიძინეთ. ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის, რამაც დღემდე მოაღწია. თუმცა, ვიცით, რომ იყო რთული პერიოდები, როდესაც მათ, ექსპოს გადასარჩენად, მისი ტერიტორიის ნაწილის გასხვისება მოუწიათ, სადაც ამჟამად საამქროები და მსგავსი ობიექტებია გაკეთებული.

ჩვენ თავიდანვე კარგად გვქონდა გაცნობიერებული, ექსპოს შენარჩუნება თუ რამდენად სენსიტიური თემაა თბილისის მოსახლეობისათვის, ისევე როგორც პირადად ჩემთვის. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღებით მივუდექით არსებული ტერიტორიის შენარჩუნება-განვითარებას. გვინდოდა, სრულად შენარჩუნებულიყო პავილიონები, საგამოფენო ფუნქცია და რა თქმა უნდა, რეკრეაციული ზონები, რადგან ამით სარგებლობს არა მარტო დიდუბის, არამედ მთელი თბილისის მოსახლეობა“, - აცხადებს საბანაძე.

მისი მტკიცებით, ტერიტორიის მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონა სრულად ხელუხლებელი დარჩება. ეს პირობა პრემიერ-მინისტრის სპეციალური ბრძანებულებითაა გამყარებული.

ინვესტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიას თავდაპირველად 4.6-იანი განაშენიანების კოეფიციენტი ჰქონდა მინიჭებული და ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი ფართის აშენება იყო შესაძლებელი, კომპანიამ ეს მაჩვენებელი 2.1-მდე შეამცირა, დღეისთვის მშენებლობა მხოლოდ 180 000 კვადრატულ მეტრ სასარგებლო ფართობს მოიცავს, რაც მთელი ტერიტორიის მხოლოდ 18%-ზე, უკიდურესი კუთხეების ზონებში განაშენიანებას გულისხმობს.

„მე, როგორც ერთი ადამიანი და ინვესტორი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არსებულ მწვანე ზონებს არ შევეხებით, თუმცა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს ვალდებულება დაცულია პრემიერის ბრძანებულებით. პრემიერმა, შესაბამისი ნორმატიული აქტით, რეკრეაციად გამოაცხადა არსებული მწვანე სივრცე. განაშენიანება ხდება 18%-ში უკიდურეს კუთხეებში. შიგნით, მწვანე სივრცეს მშენებლობა არ შეეხება, ის პრემიერის ბრძანებით არის დაცული.

ეს ბრძანებულება ასევე გვავალდებულებს, ექსპოს სივრცე 24/7-ზე იყოს გახსნილი და მოვემსახუროთ მოსახლეობას. გარდა ამისა, ჩვენი ვალდებულებაა, შევინარჩუნოთ საგამოფენო სივრცის ფუნქციურობა. უფრო მეტიც - ჩვენ ამას კიდევ ვზრდით 10 000 კვადრატული მეტრით.

მინდა, მოსახლეობას სწორად ესმოდეს ჩვენი დამოკიდებულება - ჩვენთვის, რეალურად, ეს არის „ექსპოს“ გადარჩენის და განვითარების პროექტი. სტანისლავსკის ქუჩის ჩასახვევთან, სადაც ახლა პლასტმასის პროდუქცია იყიდება და ბარაკები დგას, მის ნაცვლად ახალი მოადანი კეთდება, პირდაპირ წყლის სარკე, „აღმაფრენის“ ქანდაკებასთან. გუშინ აქ იყვნენ მოქანდაკეები, რომლებიც უკვე არჩევენ სივრცეებს, სადაც შეიძლება ახალი, დიდი მონუმენტური ქანდაკებების დადგმა, რათა იმ უნიკალურ ძეგლებს შეემატოს კიდევ ახალი, თანამედროვე სკულპტურები.

კომპანიებს, რომლებიც ჩვენამდე აქ მოდიოდნენ არსებული ტერიტორიის შესაძენად, სრულიად სხვა მოთხოვნა და ინტერესი ჰქონდათ - ზოგს მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობა უნდოდა. ჩვენ თავიდანვე სრულიად სხვა ხედვა გვქონდა.

ამჟამად მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში ვართ და ის უახლოეს მომავალში გვექნება, ჩვენ იმაზე მეტი გვაქვს გაკეთებული, რაც მოთხოვნილი იყო ამისთვის. ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კომპანია უახლოეს მომავალში მიიღებს ამ მშენებლობის ნებართვას.

ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოების ნაწილს არ აქვს სრული და სწორი ინფორმაცია პროექტის შესახებ და ამის გამო არიან კრიტიკულად განწყობილები. ფაქტობრივად, რასაც ისინი მოითხოვენ, რომ „ეს ასე უნდა იყოს“, ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვუთხრათ: ჩვენ ამ ყველაფერს ზუსტად ასე ვაკეთებთ“, - განაცხადა BMG-თან მინდია საბანაძემ.

ცნობისთვის: 22 ოქტომბრიდან, კომპანიამ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის, "სითიზენ ექსპოს" (Cityzen Expo) წინასწარი გაყიდვები დაიწყო. მრავალფუნქციური კომპლექსის საერთო საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის მთავარი ღერძი მწვანე პარკის, ხელოვნური ტბის, საგამოფენო პავილიონებისა და ავთენტიკური არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-რესტავრაციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები