თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში თბილისში 3 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების საერთო ღირებულება 37.9 მილიონ ლარზე მეტია.
პირველი პროექტი ელდარის ქუჩა N8ა-ში განხორციელდება, სადაც 572 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 12-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. შესყიდვის ღირებულება 13.97 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი საკომუნიკაციო და გაზგამანაწილებელი ქსელების გადატანა-რეკონსტრუქციას. სამუშაოების დასრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 32 კალენდარული თვეა განსაზღვრული.
მეორე კორპუსის მშენებლობა მუხრანის ქუჩა N9გ-ში იგეგმება. 1,407 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. პროექტის ღირებულება 10.16 მილიონი ლარია და სამუშაოები ასევე ბუნებრივი აირის ქსელის რეკონსტრუქციას მოიცავს. მშენებლობის დასრულებისთვის ამ შემთხვევაშიც 32 კალენდარული თვეა გათვალისწინებული.
მესამე პროექტი ნაგომარის ქუჩა N47-ში განხორციელდება. 1,593 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 7-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. შესყიდვის ღირებულება 11.62 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები მოიცავს ნარგავების მოჭრასა და გადარგვას, ასევე წყალარინების ქსელის პროექტირებას. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 კალენდარული თვეა.
ფონდის განმარტებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ამორტიზებული საცხოვრებელი შენობების დემონტაჟს და მათ ადგილას ახალი, მდგრადი შენობა-ნაგებობების განთავსებას. ფონდი მიუთითებს, რომ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებთან შეთანხმებულია გადასაცემი ბინების ფართები და მდებარეობა, მიმდინარეობს საკუთრების უფლებების რეგისტრაცია და სამშენებლო პროექტების შესაბამის უწყებებთან შეთანხმება.
სამივე პროექტზე შესყიდვის საფუძვლად მითითებულია ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების აუცილებლობა. ფონდის დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების დაჩქარებულად დაწყების ერთ-ერთი მიზეზია ავარიულ შენობებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დროებითი საცხოვრებლის ქირის კომპენსაციის გადახდა.
























