საბურთალოზე, დავით გამრეკელის ქუჩაზე (I შესახვევი, N6) ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლების პროექტი დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დემონტაჟირებული 4-სართულიანი, ამორტიზებული შენობის ადგილზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა, სადაც სრულად გარემონტებული ბინების გასაღებები 18 ოჯახს გადაეცა.
უწყების ცნობით, პროექტი "თბილისის განვითარების ფონდმა" განახორციელა და მისმა საერთო ღირებულებამ 6 700 000 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენმა" ორ წელიწადში დაასრულა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ თამაზ ალიბეგაშვილთან ერთად, აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების გასაღებები დღეს პირადად გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.
მისი განცხადებით, "ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" მოქალაქეების უსაფრთხო მომავალზე ზრუნვა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების ეტაპობრივი გადაწყვეტაა.
"როგორც იცით, "ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა” ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც წლებია ხორციელდება და იგი ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტია ჩვენი დედაქალაქისთვის. როდესაც ამ პროგრამის განხორციელების ვალდებულება ავიღეთ, კარგად ვიცოდით რამდენად რთული და მასშტაბური გამოწვევის წინაშე ვიდექით. თბილისი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, არის უძველესი ქალაქი. ისტორიული უბნების გარდა ჩვენს ქალაქში მრავლადაა ისეთი საცხოვრებელი სახლები, რომელთა კედლებიც ათწლეულების ისტორიას ინახავს.
ამ ისტორიის მიღმა კი ხშირად ძალიან მძიმე რეალობა დგას: ავარიული საცხოვრებელი სახლები, სადაც ცხოვრობენ ოჯახები, ბავშვები, ხანში შესული ადამიანები. ზოგადად, სახლი სიმშვიდის ადგილი უნდა იყოს და არა შიშის. კიდევ 18 ოჯახისთვის ეს შიში წარსულს ჩაბარდა.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოსა და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. ისინი მხოლოდ დროებით გადადიან ნაქირავებ ბინებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტი ქირის საფასურს სრულად აფინანსებს, პროექტის დასრულების შემდეგ კი იმავე ადგილას, თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში ბრუნდებიან. ჩვენ ვცვლით ავარიულ შენობებს, მაგრამ ვინარჩუნებთ სამეზობლოს, ადამიანებს შორის წლობით ჩამოყალიბებულ ურთიერთობებსა და, მათ შორის, კავშირს საკუთარ უბანთან", - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა იმ ოჯახებს, რომლებიც ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, რომ ჩაერთონ "ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში" ჩართვისკენ მოუწოდა.
"მინდა მივმართო იმ ოჯახებს, რომლებიც დღესაც ავარიულ შენობებში ცხოვრობენ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ზოგჯერ რთულია გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი სახლი თუნდაც დროებით დატოვო, მაგრამ თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე ძვირფასი, ვფიქრობ, არაფერია. მოგმართავთ, მიიღეთ ინფორმაცია პირობების შესახებ, ჩაერთეთ ამ პროცესში და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი", - განაცხადა კახა კალაძემ.
























