მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავეჯი წლიურად 20-30%-ით გაძვირდა - "ჰომეტა"

ავეჯი

"ერთწლიან ჭრილში ავეჯი 20-30%-ით გაძვირდა" - ამის შესახებ ავეჯის საწარმო "ჰომეტას" დამფუძნებელმა ბარბარე მეხრიშვილმა BMGtv-ის გადაცემა "ქალების ნარატივში" ისაუბრა.

კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ავეჯის გაძვირების მთავარი მიზეზი იმ ნედლეულის გაძვირებაა, რომელიც სრულად იმპორტირებულია. მომწოდებლის მიერ გაზრდილი ფასი კი თავისთავად პროდუქციის თვითღირებულებაზე პირდაპირ აისახება.

"ნედლეული არის სრულად იმპორტირებული, რადგან საქართველოში მსგავსი პროდუქტი არ იწარმოება. ჩვენი მასალა ძირითადად არის თანამედროვე ლამინატი, მდფ-ი, ლითონი და შუშა. ჯერჯერობით, არ ვეხებით ნატურალურ ხეს, რადგან ფასი საკმაოდ მაღალია, მოთხოვნა კი უფრო ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქციაზეა.

ნედლეულის ფასი მაღალ ნიშნულზეა შენარჩუნებული და საკმაოდ ძვირია. აქაც მასალის სხვადასხვა კატეგორიაზე ვსაუბრობთ და ფასი დაახლოებით 20-30%-ით არის მომატებული. შესაბამისად, მწარმოებლებს ამის თვითღირებულებაზე ასახვა გვიწევს. ერთწლიან ჭრილში ავეჯიც დაახლოებით ამავე პროპორციით გაძვირდა. ფაქტობრივად, მარჟა არ შეგვიცვლია, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ბოლო ერთი წელია რაც შემოვიდეთ. სრულად დამოკიდებული ვართ მომწოდებლის მხრიდან ფასების ცვლილებაზე", - აღნიშნავს ბარბარე მეხრიშვილი.

"ჰომეტას" დამფუძნებლის თქმით, კომპანია მომხმარებელს სამ საფასო კატეგორიას სთავაზობს. ეს კი, მათივე თქმით, შესაძლებლობას იძლევა, სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლის მოთხოვნა თანაბრად დაკმაყოფილდეს.

"ჩვენი საფასო კატეგორია არის სტანდარტული, საშუალო და მაღალი კლასის. ავეჯის ინდუსტრიაში ფასი კვადრატულობიდან გამომდინარე ითვლება. ერთი კვადრატულის ღირებულება 250-300 ლარიდან იწყება და შესაძლოა, 1200 ლარამდეც ავიდეს, გააჩნია მოთხოვნას, ავეჯის დიზაინსა და მასალას", - ამბობს "ჰომეტას" დამფუძნებელი ბარბარე მეხრიშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები