მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავეჯის კომპონენტების კომპანია „ელთიბი“ საქართველოში პირველი ავტომატიზებული საწარმოს მშენებლობას იწყებს

6422f60adb5d3
BM.GE
28.03.23 12:53
8198
ავეჯის კომპონენტების კომპანია „ელთიბიმ“ თავის ინდუსტრიაში პირველი ავტომატიზებული საწარმოს მშენებლობა თბილისში, ავჭალის ტერიტორიაზე დაიწყო. მშენებლობის პროექტს სამშენებლო კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენი“ ხელმძღვანელობს.

ავტომატიზებული საწარმოს პროექტი 6 620 კვ.მ. ტერიტორიაზე საოფისე და სასაწყობო დანიშნულების ობიექტის მშენებლობას გულისხმობს. ავტომატიზებულ საწარმოში განთავსდება დანადგარები, რომლებზეც პროცესები სრულად რობოტიზებულია, რის შედეგადაც ადამიანური ჩართულობის გარეშე წარიმართება მომსახურებების სრული ციკლი. ავტომატიზებული საწარმო მომხმარებლებს მასალის დაჭრა-დაწიბოების, ავეჯის მაკომპლექტებლებისთვის და აწყობისთვის ჭრილების წინასწარი მომზადებისა და პროგრამული ჩარხების მომსახურებებს შესთავაზებს. საწარმოს ჭკვიანი საწყობი გაუძღვება, ამ ტიპის მმართველობის სისტემა რობოტების მიერ საწყობიდან შესაბამისი მასალის გამოტანასა და მომსახურების ციკლის დასაწყებად დანადგარებზე მოთავსებას გულისხმობს.




„ჩვენი კომპანია, როგორც კომპეტენციის ცენტრი ავეჯის კომპონენტებში, საერთაშორისო ტენდენციების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის განვითარებას, სწორედ ეს არის ჩვენი მისიაც და განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვის მოტოც. ავტომატიზებული საწარმოს აშენების იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, მას შემდეგ ვმუშაობთ ამ საკითხზე და დღეს უკვე დაწყებულია მშენებლობაც. „ელთიბი“ დაარსების დღიდან მუდმივად გაზრდაზეა ორიენტირებული, სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა რობოტიზებული საწარმო, სადაც ნებისმიერი მომსახურებისათვის საჭირო პროცესი ავტომატიზებული იქნება. საწარმო დაგვეხმარება გავუმკლავდეთ უფრო მეტ შეკვეთას, შევამციროთ საწარმო რიგები, სერიულად ვაწარმოოთ პროდუქცია ექსპორტზე გასატანად და მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ჩვენთან თანამშრომლობა.“ — ლევან ზაალიშვილი, კომპანია „ელთიბის“ თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

„ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა, დასახელებულია ნომერ პირველ ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად, რომელიც მაქსიმალურ სიზუსტეს იცავს მშენებლობის ყველა ელემენტში. სამრეწველო მშენებლობის გარდა, მრავალპროფილური გამოცდილების მქონე ბრენდის საქმიანობა ჰიდროტექნიკურ და სამოქალაქო მშენებლობას მოიცავს. კომპანია უკვე მრავალი წელია მომხმარებელს გონივრულ, ოპტიმალურ და თანამედროვე გადაწყვეტილებებს სთავაზობს მშენებლობის დაგეგმვის, მართვისა და შესრულების კუთხით.

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით საქართველოს მასშტაბით ყველაზე მოცულობით, საინტერესო და რთულ პროექტებს ვახორციელებთ. ავტომატიზებული საწარმოს პროექტი ჩვენთვის უნიკალურია, ავეჯის სფეროში პროექტს საქართველოში ანალოგი არ აქვს, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებულად გადავლახოთ აღნიშნული გამოწვევა და ამ კუთხითაც მივიღოთ გამოცდილება.“ — გიორგი ბერაძე ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ დამფუძნებელი.

აღნიშნულ პროექტს წინ უძღოდა „ელთიბის“ და „ელემენტ კონსტრაქშენის“ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. 2021 წელს კომპანიამ დაასრულა ოთხსართულიანი მრავალფუნქციური საწარმო ნაგებობის მშენებლობა ავჭალაში. „ელთიბისა“ და „ელემენტ კონსტრაქშენის“ კოლაბორაციით ავჭალაში აშენებული და დაგეგმილი საერთო დახურული პროექტის ფართობი დაახლოებით 12 100 კვ.მ. ტერიტორიას მოიცავს, საიდანაც 1 600 კვ.მ. საოფისე დანიშნულებისათვის იქნება ათვისებული, ხოლო 500 კვ.მ. შოურუმს დაეთმობა. ავტომატიზებული საწარმოს მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

კომპანია „ელთიბი“ მომხმარებელს ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების ფართო ასორტიმენტსა და მომსახურების სამ ძირითად მიმართულებას სთავაზობს: ავეჯის კომპონენტებისა და მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტს, საწარმოო მიმართულებასა და პალიტრა-სამღებროს. „ელთიბის“ საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროდუქცია:

• ავეჯის ფურნიტურა;
• საფასადე მასალები;
• გაღებისა და დახურვის სისტემები;
• სამზარეულო ტექნიკა.

სამშენებლო კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

დღეს კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს:

• პროექტირება;
• მშენებლობა;
• რემონტი;
• საწარმოო იატაკები;
• MEP სერვისი.

„ელემენტ კონსტრაქშენს“ მიღებული აქვს ISO 45001:2018 (პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტი) და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატი.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები