მობილური მოწყობილობების საერთაშორისო კონფერენციაზე კომპანია Avenir Telecom-მა საზოგადოებას ერთი უცნაური სმარტფონი Energizer P28K წარუდგინა, რომელიც დამუხტვის გარეშე დაახლოებით 3 თვე ძლებს.
სმარტფონის ბატარეის მოცულობა 28,000 მილიამპერ/საათს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, iPhone 15-ის ბატარეის ზომა 3,350mAh-ია.
ამოუწურავ ბატარეასთან ერთად, სმარტფონს გამძლეობაც გამოარჩევს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, ის შექმნილია ექსტრემალურ პირობებში გამოსაყენებლად, ამიტომ Energizer-ს არც წყლის ეშინია, არც მტვრის და არც დავარდნის.
თავისი არსით, სმარტფონი გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ და ექსტრემალურ პირობებში ლაშქრობას არ ერიდებიან.
სხვა ტექნიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მას 6.8-ინჩიანი ეკრანი; 8GB-ის მოცულობის ოპერატიული და 256GB-ის მეხსიერება აქვს. ის აღჭურვილია ბიუჯეტური, თუმცა ენერგოეფექტური MediaTek MT6789 სერიის პროცესორით და Android 14-ის სისტემაზეა დაფუძნებული.
Energizer-ის ღირებულება დაახლოებით 300 დოლარი იქნება, რაც, ყველაფრის გათვალისწინებით, ცუდი ფასი ნამდვილად არ არის.