ავღანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის მიწოდება და ტელეკომუნიკაციები აღადგინა. გადაწყვეტილება ძალაში ოთხშაბათს, გვიან ღამით შევიდა, რასაც დედაქალაქ ქაბულში მოსახლეობის ქუჩებში გამოსვლა და საზეიმო აღნიშვნა მოჰყვა. შეგახსენებთ, თალიბანმა ინტერნეტი და ტელეკომუნიკაციები ავღანეთში 48 საათის წინ “ამორალურობის” აღკვეთის მოტივით გათიშა და ქვეყანა ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დატოვა.
გადაწყვეტილებამ მძიმე გავლენა იქონია ფრენებზე, ასევე შეფერხდა ბანკებისა და გადაუდებელი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა. თავად ბანკების გაჩერებამ შეუძლებელი გახადა ემიგრანტების მიერ იმ საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება, რომელთა შეუფერხებლობა ავღანური ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
გაეროში თალიბანის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების ჩაკეტვის პირობაში ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდებოდა. Netblocks-ის ინფორმაციით, რომელიც ავღანეთის შესახებ ამბებს მთელ მსოფლიოს აცნობს, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი და საკომუნიკაციო საშუალებები ჯერჯერობით, მხოლოდ ნაწილობრივაა აღდგენილი.
Netblocks-ის თანახმად, გათიშვის პერიოდში ავღანეთის ქალაქები, განსაკუთრებით კი ქაბული სრულმა სიჩუმემ მოიცვა. დაიკეტა თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრი და დაცარიელდა ქუჩები, თუმცა ვითარება რადიკალურად შეიცვალა, როცა კომუნიკაციები აღდგა და ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.




























