“ავიაბილეთების ღირებულება გაზრდილია, თუმცა ეს არ არის ტრაგიკული ამბავი ტურიზმის სფეროში” - ასე აფასებს ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი, გოგა ქუცნიაშვილი, ავიაბილეთების გაზრდილ ტარიფს გადაცემა “საქმიან დილაში”.
ტურისტული ბიზნესის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი და მოსალოდნელი პროცესია.
“ზაფხული სანავიგაციო სეზონზე, ლოგიკურია, იმავე ფასად ავიაბილეთებს ვეღარ შევიძენთ, როგორიც ნაკლებად დატვრთულ ტურისტულ სეზონზეა. მაგალითად კვირპროსის მიმართულება რომ ავიღოთ, ორმხრივი ბილეთი, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე შეიძლება დაახლოებით, $150-200 -ად შევიძინოთ და ეს ბევრი ფაქტორითა განპირობებული. მათ შორის იმით, რომ ავიაკომპანიამ კონკრეტული მიმართულებებით ოპერირება არ შეწყვიტოს. ამისთვის კი, სწორედ დაბალი ტარიფის პოლიტიკას იყენებენ, რაც ბუნებრივია, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე შეიძლება 100%-ით გაძვირდეს”, - ამბობს გოგა ქუცნიაშვილი.
მისი თქმით, თუკი სტატისტიკას 2019 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ, მატება ამ კუთხითაც ფიქსირდება და ავიაბილეთის ღირებულება პანდემიამდელ მდგომარეობასთან შედარებით, დაახლოებით 20-25%-ით არის მომატებული, თუმცა როგორც ტურისტული კომპანიის გენერალური მენეჯერი ამბობს, ეს პროგნოზირებადიც იყო.