მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ავიაბილეთებზე მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა“ - რა ზრდის ფრენის ფასს?

62bb3edfdc78a
ალა ისპირიანი
28.06.22 23:30
1009
„ავიაბილეთებზე მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა“ - ამის შესახებ საავიაციო სექტორის ანალიტიკოსმა იგორ აფციაურმა განაცხადა. ცხადია აღნიშნული ფაქტი ავიაბილეთებზე ფასის ზრდას იწვევს, თუმცა გაძვირებას კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავს, ამის შესახებ მან „საქმის კურსში“ ისაუბრა. 

"ყველგან, სადაც ჩვენი ძირითადი ბაზრები იყო, კოვიდ-რეგულაციები თითქმის ბოლომდეა მოხსნილი. მოთხოვნა ისედაც მზარდი იყო იქიდან გამომდინარეც, რომ ხალხი ამ კოვიდ-რეგულაციების მთლიანად მოხსნას და შემსუბუქებას ელოდებოდა. თუმცა ამან გარკვეულწილად ჯერ კიდევ ომამდე იმუშავა. ხოლო როგორც კი ომი დაიწყო, სხვა პრობლემები გაჩნდა. ეს არის რეკორდული ფასი საწვავზე, რომელიც გასულ წელს ამ დროს ტონაზე 700-800 ლარის ფარგლებში იყო. ახლა კი ხშირად 1 400-ს სცდება. 

ინფლაცია, საწვავის ფასი, მოთხოვნა, რომელიც გაცილებით მეტია მიწოდებაზე, ტექნიკური პრობლემები და ასევე ომი, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯამში გავლენას ახდენს. მაგალითად უკრაინის საჰაერო სივრცეს ვერ ვიყენებთ და ერთ საათით იზრდება ხოლმე ფრენის ხანგრძლივობა, რაც ჩვენთვის გაძვირებას იწვევს.

ივნისამდე ასე თუ ისე პოზიტიური დინამიკა იყო. 2019 წელს, რომ შევადაროთ მგზავრთნაკადი 60-65%-ს გასცდა. ფრენების რაოდენობა თითქმის მიუახლოვდა იმ ნიშნულს, რაც პანდემიამდე იყო და ავიაკომპანიების რაოდენობამაც 40-ს გადააჭარბა. არის სასიხარულო მომენტებიც. ამ რთულ დროსაც და შარშანაც ახალმა ავიაკომპანიებმა ფრენები დაიწყეს, რაც ძალიან მისასალმებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ 2019 წლის ნიშნულისგან.

გაყიდული ბილეთების 80% მგზავრებს მაისის დასაწყისამდე აქვთ შეძენილი, მაშინ, როცა ოდნავ ნორმალური სიტუაცია იყო. ახლა ბილეთის ფასი ძალიან არის გაზრდილი", - განაცხადა იგორ აფციაურმა.

რაც შეეხება ბილეთების ფასის მოსალოდნელ დინამიკას, ანალიტიკოსი რამდენიმე თვეში მის შემცირებას პროგნოზირებს.

"მოთხოვნაც რამდენიმე თვეში სამწუხაროდ დაეცემა, რადგან ტექნიკური პრობლემებია და ბილეთზე ძალიან მაღალი ფასია. განსაკუთრებით თუ ვინმეს ოჯახით სურს წასვლა და ვიცი, რომ ასეთი ძალიან ბევრია და სამწუხაროდ ვერ ახერხებენ, რადგან როდესაც ოჯახში 3-4 ადამიანია და მხოლოდ ბილეთის ფასი 2 000 - 3 000 ევროს აღწევს, რთულია", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ გაიაფება მოსალოდნელია.

"დაახლოებით 15-20 %-ით გაიაფდება, მაგრამ მაინც ეს მოთხოვნა - მიწოდებაზეა დამოკიდებული. თუ მიწოდება გადააჭარბებს მოთხოვნას, მაშინ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაეცემა, მაგრამ ფასში 15-20%-იანი ცვლილება ძირითადად მაინც საწვავის ფასზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები