საქართველოში შიდა ფრენების მომსახურე ავიაკომპანია „აკ-ეარ ჯორჯიას“ მფლობელებს შორის ცვლილებაა.
15 აგვისტოს საჯარო რეესტრში ასახული ცვლილებით, კომპანიის მფლობელთა სია ასე გამოიყურება:
- ამირან მანჯავიძე - 49%
- არტიომ სოლოდუჰა - 49%
- ირაკლი კუტალია -2%
შესაბამისად, კომპანიის მეწილეებს შორის აღარ ირიცხებიან: WINGS 4 SKY GROUP-ი, კონსტანტინს სოლოდუჰა, მაიკლ ფეოფანოვი და მარლიეს სოლოდუჰა. ჯამში კომპანიის 50%-იანი წილი გასხვისდა. 49%-ის მფლობელი გახდა არტიომ სოლოდუჰა, რომელიც ამ დრომდე WINGS 4 SKY GROUP -ის მფლობელთა შორის გვხვდებოდა. 1%-ით, 2%-მდე გაიზარდა ირაკლი კუტალიას წილი.
ჯერ კიდევ 2022 წლის 28 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით, გარიგებით ჯამური ღირებულება დაახლოებით, 674 ათასი ევროა. ირაკლი კუტალიას კი, 1%-იანი წილის შეძენა 1000 ლარი დაუჯდა.
საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შესაძლოა, ეს არ არის ბოლო ცვლილება “აკ-ეარ ჯორჯიას” მფლობელებს შორის.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია „აკ-ეარ ჯორჯიას“ შიდა ფრენების შესრულებაზე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ხელშეკრულება 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ამ პერიოდში „აკ-ეარ ჯორჯიას“ ექნება საშუალება თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისების ნაცვლად, შეასრულოს ნატახტარი-ბათუმი-ნატახტრის რეისები.