მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავიაკომპანიები, რომლებსაც 2025 წელს ყველაზე ნაკლები შეფერხება ჰქონდათ

ავიაკომპანიები

ავიაციის ანალიტიკური კომპანიის, Cirium-ის კვლევამ გამოავლინა, თუ რომელ ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს ჰქონდათ 2025 წელს ყველაზე ნაკლები შეფერხება და დაგვიანება.

რომელია მსოფლიოში ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია?

ზედიზედ მეორე წელია, Aeromexico ლიდერობს Cirium-ის გლობალურ რეიტინგში, რომელიც დროული შესრულების (OTP) მაჩვენებლით დგება და მსოფლიოს უმსხვილესი სამგზავრო ავიაკომპანიების საუკეთესო 10%-ს ადარებს.

ავიაკომპანიის თითქმის 189 000 რეისიდან 90.02% განრიგით გათვალისწინებული დროიდან 15 წუთის ინტერვალში გაფრინდა ან ჩაფრინდა. ეს მაჩვენებელი ყოველთვიურად 90%-იან ნიშნულთან ახლოს იყო ან მას აჭარბებდა.

მეორე ადგილი 86.53%-იანი პუნქტუალურობით Saudia-მ დაიკავა.

მესამეზე კი 86.09%-ით Scandinavian Airlines (SAS) გავიდა.

ევროპის რეგიონულ რეიტინგში პირველ ადგილს ზედიზედ მესამე წელია ესპანური ავიაკომპანია Iberia Express იკავებს. შესრულებული 37 119 რეისიდან მისი პუნქტუალურობის მაჩვენებელი 88.94%-ია.

Cirium-ის განცხადებით, წლევანდელი აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რთული გარემოს გათვალისწინებით, რომელიც ბოლო 12 თვის განმავლობაში ევროპულ ავიაციაში შეიქმნა.

"Iberia Express-ის შედეგები გამორჩეულია მნიშვნელოვანი შეფერხებების ფონზე. მათ შორის იყო მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა, რომელმაც პირენეის ნახევარკუნძულზე საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა და გლობალური პროგრამული ხარვეზი, რომელმაც Airbus A320-ის ტიპის თვითმფრინავებზე იმოქმედა - ავიაკომპანიის ავიაპარკი კი მთლიანად სწორედ ამ ხომალდებისგან შედგება", - აღნიშნულია ანგარიშში.

ევროპაში მეორე ადგილი SAS-მა დაიკავა, მესამეზე კი Austrian Airlines გავიდა.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 83.12%-იანი დროული ჩაფრენის მაჩვენებლით Philippine Airlines ლიდერობს. ჩრდილოეთ ამერიკაში კი პირველი ადგილი 80.90%-ით Delta Airlines-მა დაიკავა.

ლათინურ ამერიკაში პირველ პოზიციას 90.75%-იანი მაჩვენებლით Copa Airlines იკავებს, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეიტინგის სათავეში კი 91.06%-ით FlySafair მოექცა.

რომელია მსოფლიოში ყველაზე პუნქტუალური აეროპორტი?

Cirium-მა ასევე გააანალიზა მსოფლიოს აეროპორტების მონაცემები, რათა გაერკვია, სად ფიქსირდება ყველაზე ნაკლები დაგვიანება და გაუქმება.

დიდი აეროპორტების რეიტინგში პირველი ადგილი სანტიაგოს არტურო მერინო ბენიტესის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა (SCL) დაიკავა. ეს ჩილეს უდიდესი და ყველაზე დატვირთული საავიაციო კვანძია, რომელიც ქვეყნისთვის მსოფლიოსთან დამაკავშირებელ მთავარ ჰაბს წარმოადგენს.

SCL-ში ცოტა ხნის წინ მასშტაბური მოდერნიზაცია ჩატარდა, მათ შორის გაიხსნა ახალი, 248 400 კვ.მ. ფართობის მე-2 საერთაშორისო ტერმინალი, რამაც აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 16 მილიონიდან 38 მილიონ მგზავრამდე გაზარდა.

ამ სწრაფი ზრდის პარალელურად, 2025 წელს SCL-მა პუნქტუალურობის მაჩვენებლის 87.04%-მდე გაუმჯობესებაც შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია.

ამ კატეგორიაში ევროპული აეროპორტებიდან საუკეთესო შედეგი ოსლოს გარდერმოენმა აჩვენა, რომელმაც 86.00%-იანი პუნქტუალურობით მეხუთე ადგილი დაიკავა.

საშუალო ზომის აეროპორტებში პირველ ადგილზე პანამა-სიტის ტოკუმენის საერთაშორისო აეროპორტი გავიდა, ევროპიდან კი საუკეთესო შედეგით ჰელსინკი-ვანტაა გამოირჩა, რომელმაც მე-18 პოზიცია დაიკავა.

მცირე ზომის აეროპორტების რეიტინგში ეკვადორის ქალაქ გუაიაკილის ხოსე ხოაკინ დე ოლმედოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა გაიმარჯვა, ნორვეგიის სტავანგერმა (იგივე სოლა) კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები