მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანიის გადასაწყვეტია, რამდენად ღირებულია ხანმოკლე ფინანსური ეფექტისთვის რისკების წინაშე იყოს - ზაუტაშვილი რუსეთში ფრენებზე

იასე ზაუტაშვილი

ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის საავიაციო ბაზარზე ოპერირება ავიაკომპანიებისთვის არაერთ რისკს უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, რუსეთის აეროპორტების შეფერხებით მუშაობამ ქართული ავიაკომპანია წელს $8 მლნ-ით დააზარალა. თამაზ გაიაშვილის თქმით, კომპანია აეროპორტების მუშაობის დასტაბილურებამდე იძულებულია უარი თქვას რუსეთში ფრენების გაფართოებაზე.

როგორც ზაუტაშვილი BMG-სთან აღნიშნავს, გარდა საომარი მოქმედებების შედეგად მიღებული ფინანსური ზარალისა, რუსეთის საავიაციო ბაზარზე მუშაობა გარკვეულ რეპუტაციულ რისკებსაც უკავშირდება. მათ შორის, მისი თქმით, როგორც წესი, საერთაშორისო გადამზღვევი კომპანიები რუსეთის ბაზარზე არ მუშაობენ.

თუმცა როგორც ავიაციის ექსპერტი აღნიშნავს, მიუხედავად დასახელებული გამოწვევებისა, სავარაუდოა, რომ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ქართული ავიაკომპანიისთვის საერთო ჯამში რუსეთის ბაზარზე ოპერირება მაინც მოგებიანია.

“თავის დროზე, როდესაც ცალმხრივად აღდგა რუსეთიდან საქართველოში ფრენები, ეს იყო განპირობებული იმით, რომ მეტი კომფორტი ჰქონოდათ როგორც იქიდან ტურისტებს, ასევე საქართველოს იმ ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა. ალბათ გამართლებული იყო ეს ნაბიჯი და ამას თავისი შედეგიც ჰქონდა. ალბათ აკვირდებით სტატისტიკას, რომ ყოველწლიურად რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრთა რაოდენობა საშუალოდ 24%-იანი მატებაა

ამას გარკვეული სხვა ახსნაც აქვს. რუს ტურისტს უკვე ალტერნატივა ბევრი აღარ რჩება სხვა ქვეყნებში მოგზაურობისა. ევროპა მათთვის ფაქტობრივად ჩაკეტილია, ყირიმი ჩაკეტილია, თურქეთი მეტ-ნაკლებად მობეზრებულია და დუბაიშიც კი აღარ უნდათ არსებული პრობლემების გამო. ამას ზემოდან ემატება ის ფაქტორი, რასაც ჰქვია საომარი მდგომარეობა უკრაინასთან და ის, რასაც ბატონი თამაზი [გაიაშვილი] აღნიშნავს — ე.წ. „ხალიჩა“ სისტემები, რომელიც აეროპორტში ცხადდება. ანუ შეტყობინება, რომ საშიშროებაა დრონების შეტევისა აეროპორტზე, რის გამოც ავიაკომპანიას ეუბნებიან, რომ მაგალითად მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში შეზღუდული გაქვს დაჯდომა. ამიტომ ამ შემთხვევაში ავიაკომპანიას აქვს ორი ალტერნატივა: ან უნდა წავიდეს უკან, საიდანაც გამოფრინდა, ან უნდა წავიდეს სათადარიგო აეროპორტში დასაჯდომად, რაზეც საუბრობს კიდეც ბატონი თამაზი [გაიაშვილი].

ბუნებრივია, აბსოლუტურად ვეთანხმები, ეს არის არა მარტო „აირზენასთვის“, არამედ ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის დამატებითი ზარალი, დამატებითი ხარჯი. ესაა დაკავშირებული იმასთან, რომ საწვავის მოხმარება იზრდება ავიაკომპანიაში. მეორე ის, რომ დამატებითი ხარჯი გემატება იმ სათადარიგო აეროპორტში, სადაც უნდა დაჯდე. მესამე - ამას ემატება ის, რომ თუ ეს რეისი მიბმული გაქვს, მაგალითად, სხვა ევროპულ ან სხვა ქვეყნის რეისთან, ფაქტობრივად რეისი გიცდება. ეს არის კიდევ დაკავშირებული იმასთან, რომ, რა თქმა უნდა, მგზავრების მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს.

ზარალი შესაძლოა, 8 მილიონიც იყო, შეიძლება მეტიც იყოს, თუ ამას სწორედ დავითვლით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში თუ სხვა ქალაქებში ფრენა თავის მხრივ არის საკმაოდ სარფიანი და მოგებიანი ბიზნესი და ის რისკი, რომელიც ახლავს უკვე პარალელურად ამ საომარი მდგომარეობის გამო, გარკვეულწილად ავიაკომპანიის მფლობელების ასაწონ-დასაწონია, მისთვის რამდენად ღირებულია თუ არ არის ღირებული ამ ხანმოკლე კომერციული თუ ფინანსური ეფექტის კვალდაკვალ იყოს იმ რისკების წინაშე, რაც მე ახლა ჩამოვთვალე.

ამას ზემოდან კიდევ ის ემატება, რომ ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციისკენ საჰაერო გზით მიმავალი არც ერთი მგზავრი დაზღვეული არ არის არც იქით და არც აქეთ. გამომდინარე იქიდან, რომ საავიაციო რისკებს მხოლოდ და მხოლოდ ბრიტანული და ამერიკული კომპანიები ფარავენ და ეს კომპანიები რუსეთის მიმართულებით ფრენების დაზღვევისგან თავს იკავებენ. ამიტომ ეს რისკები ასაწონ-დასაწონია”, - განაცხადა იასე ზაუტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები