ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის საავიაციო ბაზრის არასტაბილურობიდან გამომდინარე, Georgian Airways-მა მიმართულებების მეტ დივერსიფიცირებაზე უნდა იმუშაოს.
საქმე ისაა, რომ Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, რუსეთის აეროპორტების შეფერხებით მუშაობამ ქართული ავიაკომპანია წელს $8 მლნ-ით დააზარალა. თამაზ გაიაშვილის თქმით, კომპანია აეროპორტების მუშაობის დასტაბილურებამდე იძულებულია უარი თქვას რუსეთში ფრენების გაფართოებაზე.
როგორც ზაუტაშვილმა BMG-ს განუცხადა, ქართული ავიაკომპანიის გამოცდილებიდან გამომდინარე, მას აქვს პოტენციალი, ევროპის ქვეყნების მიმართულებით ფრენების სიხშირეები გაზარდოს და რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შეამციროს.
“ჩვენ ევროპასთან გვაქვს ღია ცის პოლიტიკა. არის უამრავი ქალაქი, უამრავი ქვეყანა ევროპაში, რომელიც ასათვისებელია. მაგალითად, გერმანიის, იტალიის მიმართულებით, აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, სადაც ბევრი ე.წ მეორეხარისხოვანი აეროპორტიცაა, რომლებიც ახალ ავიაკომპანიებს პრეფერენციულ ტარიფებს სთავაზობს. მოგეხსენებათ, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში უვიზოდ იფრინოს. ამას გარდა უკვე აზიური მიმართულებები გაიხსნა. დღეს საქართველოდან ფაქტობრივად პირდაპირი მარშრუტით ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, ტოკიოში ფრენები არ არსებობს.
ჩვენ ალბათ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად უნდა გავიხედოთ და ავიაკომპანიებმა უნდა იფიქრონ იმაზე, როგორ შეიძლება ჩაანაცვლონ ეს არასტაბილური საგანგაშო, საომარი ველი, რასაც რუსეთის ფედერაციის არეალი ჰქვია თავის ფრენებიანად. იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, მე მაინც ვვარაუდობ, რომ ამ მიმართულებაზე გარკვეული სირთულეები უფრო მეტად წარმოიშვება. საომარი მდგომარეობის დასრულების შემდგომ სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება, თუმცა ვვარაუდობ, რომ მაინც ძალიან დიდი პერიოდი იქნება ის სასანქციო რეჟიმი, რაც რუსეთის მიმართებით აქვთ ავიაციის კუთხით, შენარჩუნდება და ეს იქნება სარისკო ველი და მიმართულება საკმაოდ დიდი ხანი.
„ჯორჯიან ეარვეისს“ აქვს 30 წელზე მეტი გამოცდილება, მათ შორის ევროპის მიმართულებით ფრენის. მათ ისტორიული რეისები გააჩნიათ ვენის მიმართულებით, ამსტერდამის მიმართულებით, პარიზის მიმართულებით. მათთვის უცხო არ არის ევროპული ბაზარი. მათ გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, რომ კარგად აწონ-დაწონონ და შეაფასონ ახალი ასათვისებელი ბაზრები და რუსულმა ბაზარმა, რომელმაც გარკვეულწილად „გააზარმაცა“ ეს კომპანია იმ კუთხით, რომ გარანტირებულია მგზავრთა ნაკადი, რომელიც რუსეთიდანაა და ამიტომ სხვა მიმართულებებით ფიქრი აღარ უწევს, ნელ-ნელა ამაზე ფიქრი უნდა დაიწყონ ალბათ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთის ბაზარი სტაბილური არაა”, - განაცხადა იასე ზაუტაშვილმა.
























