2024 წელს საქართველოს აეროპორტები 6.8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ახალ სამთავრობო პროგრამაში წერია, რომელიც ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტს 2 თებერვალს წარუდგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული პროგნოზი საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებითა და ავიაკომპანიებთან პროაქტიური თანამშრომლობით არსებული ოპერირების გაზრდის, ასევე საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისა და ახალი მიმართულებებით ოპერირების დაწყებითაა განპირობებული.
სამთავრობო პროგრამის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების ნაწილში ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტების, ასევე გასულ წელს დაანონსებული ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტების პროექტის განვითარების შესახებაც არის საუბარი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუ ვაზიანის აეროპორტი აშენდება, თბილისს 18 მლნ მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება, რაც როგორც ჩანს პროექტის პირველადი შეფასებით დგინდება.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წელს ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება დასრულდება და ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და საჰაერო ხომალდების ბაქანის გამტარუნარიანობის გასაზრდელად ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება.
რაც შეეხება აჭარის რეგიონს, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ მიმართულებით მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად, 2024 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით, მისი გამტარუნარიანობა შეფასდება.
ირაკლი კობახიძის მთავრობა შიდა ფრენების სუბსიდირების პოლიტიკას გააგრძელებს და 2024 წელს თელავის აეროპორტისა სრულ მოდერნიზებას და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებასა და მშენებლობას გეგმავს.
სტუმარი: გიორგი მოლოდინაშვილი - საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი & საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელი;