ევროპის წამყვანმა საავიაციო ორგანიზაციებმა ევროკომისიის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართეს და შენგენის ზონაში შესვლისა და გასვლის ახალი სისტემის შეჩერება მოითხოვეს.
როგორც ირკვევა, საზღვრის გადაკვეთისას მგზავრებს ლოდინი 5 საათამდე უწევთ. საავიაციო ჯგუფების შეფასებით კი, კრიზისი მილიონობით ადამიანს ეხება და აეროპორტების მუშაობას ართულებს. დოკუმენტს ხელს A4E, ACI Europe და IATA აწერენ.
გაგზავნილ დოკუმენტში წერია ისიც, რომ საავიაციო სექტორი დაუყოვნებლივ ითხოვს საზღვრის კონტროლის მოქნილობის იმ მექანიზმის შემოღებას, რომლის დამტკიცებასაც ევროკომისია რამდენიმე თვეში გეგმავს. როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, ივლისსა და აგვისტოში ევროპის აეროპორტები დამატებით 40 მილიონ მგზავრს ელოდებიან, არსებული მოცემულობა კი გარდაუვალი კრიზისის საფრთხეს ქმნის.
ორგანიზაციების ინიციატივა მიზნად კრიტიკულ სიტუაციებში ახალი სისტემის შეჩერებას და სტანდარტულ შემოწმებაზე დაბრუნებას ისახავს.
საყურადღებოა, რომ სრულიად განსხვავებულია ოფიციალური ბრიუსელის პოზიცია. ევროკომისიის წარმომადგენლები სისტემის გამართულ მუშაობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ფონ დერ ლაიენის ოფისში აცხადებენ, რომ დაფიქსირებული შეფერხებები ავიაკომპანიების მიერ ფრენების არასწორ დაგეგმვას უკავშირდება და ამაში ევროკომისიის პასუხისმგებლობა არ იკვეთება. საავიაციო ინდუსტრია კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, რადგან, მათი განცხადებით, ფრენების განრიგი ერთი წლით ადრე დგება. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მგზავრების დაგვიანების გამო რეისებზე თვითმფრინავები ხშირად ნახევრად ცარიელი რჩება. გართულებული პროცედურები კი ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს და ტურისტებს ევროპაში მოგზაურობის სურვილს უმცირებს.




























