"ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, უწყებაში რეორგანიზაციისა და სისტემის მოდერნიზების პროცესი იწყება. როგორც რევაზ სოხაძემ ამის შესახებ პარლამენტში, მისი ინტერპელაციის დროს განაცხადა, ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
"დავისახეთ მიზნად, რომ, სამინისტროს სისტემაში შემავალი რამდენიმე უწყება სრული რეორგანიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ეფექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციებად, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მაღალი ხარისხით მართვაზე. ამის მისაღწევად უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ინსტიტუციური მოდერნიზაციის პროგრამის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს ორგანიზაციული სტრუქტურის გამარტივებას, ზედამხედველობისა და ფინანსური სისტემის კონტროლის გაძლიერებას, ციფრული მართვის სისტემის და ადამიანური რესურსების განვითარების ახალი სტანდარტების დანერგვას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, 21-ე საუკუნეში, ჩვენს სისტემაში დაინერგოს ძალიან ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ გაცილებით ეფექტურად და სწორად ვმართოთ მთელი სისტემა.
ავიღეთ მკაფიო კურსი ხარისხზე ორიენტირებული მმართველობისკენ, რაც მოითხოვს დროს, პროექტების დეტალურად შესასწავლად,ხარვეზების გამოსავლენად და პრიორიტეტების თავიდან განსასაზღვრად", - ამბობს რევაზ სოხაძე.
რევაზ სოხაძემ სამინისტროში ახლად შექმნილ სტრუქტურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილება შევიდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ეტაპებშიც.
"შეიქმნა ახალი სტრუქტურებიც: ტექნიკური ზედამხედველობის, პროექტის მართვის ხარისხის კონტროლის მიმართულებით. ასევე, უარი ვთქვით "დიზაინ ბილდის" კონტრაქტის მოდელზე, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხოლოდ მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილებებით ხდება. გადავწყვიტეთ, რომ პროექტირების ეტაპი გამოვყოთ დამოუკიდებელ პროცესად და კონკურენციის პირობებში შევარჩიოთ საუკეთესო არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტილებები. ამ მიდგომამ ბუნებრივად გაზარდა პროექტების მომზადების ვადები, თუმცა, საბოლოოდ ეს ნიშნავს ხარისხზე გაკეთებულ სწორ არჩევანს და, მეორე მხრივ, ეს დაგვაზღვევს მშენებლობის ეტაპზე პროექტის ხარვეზების გამოსწორების შემთხვევებისგან", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიყო და ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა. ინფრასტრუქტურის მინისტრად 2025 წლის 24 აპრილიდან რევაზ სოხაძე დაინიშნა. რეგიონული განვითარების სამინისტროს კი კახაბერ გულედანი ხელმძღვანელობს.




























