მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოლოდინები გვაქვს, რომ კომპრომისზე შევთანხმდებით" - ზვიად თოიძე სამშენებლო კომპანიების მინისტრთან შეხვედრაზე

ზვიად თოიძე

"ჩვენ მოლოდინები გვაქვს, რომ გარკვეულ კომპრომისზე შევთანხმდებით", - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "ინსის" დირექტორმა ზვიად თოიძემ BM.GE-ს ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ზვიად თოიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, შეხვედრა, სავარაუდოდ მინისტრის ახალ ინიციატივას შეეხება, რომლის ფარგლებშიც ე.წ. "თეთრი სიების" გაუქმება იგეგმება.

"თეთრ სიასთან დაკავშირებით იქნება, სავარაუდოდ, საუბარი. მოლოდინები გვაქვს, რომ გარკვეულ კომპრომისზე შევთანხმდებით. მთავარია, გრძელდება დისკუსია, დაახლოებით კვირაში ერთხელ გვაქვს ხოლმე მინისტრთან შეხვედრა, სხვადასხვა უწყებებთანაც გქონდა შეხვედრა და ამასთან დაკავშირებით ჩვენი აზრები მოისმინეს. მგონია, რომ რაღაცა კომპრომისულ ვარიანტზე შევთანხმდებით.

კომპრომისული ვარიანტი იქნება, რომ შეიძლება გართულდეს "თეთრ სიაში" [მოხვედრის] კრიტერიუმები, ან შეიძლება, სხვა რაღაცაც იყოს, რასაც შემოგვთავაზებენ. "თეთრი სიის" გაუქმება იმით არის ცუდი, რომ (მესმის, შეიძლება ვიღაცამ არაკეთილსინდისიერად გამოიყენა), სხვა კომპანიებს, რომლებიც კვალიფიციურები არიან, კეთილსინდისიერად იყენებენ [ამ სტატუსს], უბრალოდ პროექტებზე მუშაობის რესურსი შეუმცირდებათ, რაც გამოიწვევს იმას, რომ პროექტები, რომლებიც დაგეგმილი იყო, შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, იმიტომ, რომ ფიზიკურად რესურსი არ ეყოფა", - ამბობს ზვიად თოიძე.

თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით.

რევაზ სოხაძემ თეთრი სიის გაუქმების საკითხზე გასულ თვეს დაიწყო საუბარი და მიზეზად "მავნე პრაქტიკები" დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები