დღეს, „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელ კომპანიებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ერთ ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ე.წ. "თეთრი სიის" გაუქმება იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს საკითხი „მავნე პრაქტიკას უკავშირდება, ამიტომ უნდა გაუქმდეს“.
„სამწუხაროდ, "თეთრი სიიდან" გამომდინარე პრეფერენციებმა საკმაოდ მავნე პრაქტიკა შეიძინა, ამიტომ ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი საავანსო გადახდებთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა მან.
როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, აღნიშნულის გაუქმება მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხით, არამედ ბიზნესის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეც, მათ შორის მათი ფინანსური სიჯანსაღისთვის.
თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან. დოკუმენტში საუბარია, თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.




























