თბილისის მერია გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით შესყიდვების სააგენტოს მიმართავს. საქმე ეხება ავლაბრის მეტროს ზედა ვესტიბიულის ინტერიერ-ექსტერიერის, სამანქანო დარბაზის და საინჟინრო სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელებისათვის აუცილებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებას.
ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციაზე გამარტივებული გზით ხელშეკრულება კომპანია "ბადა ქონსთრაქშენთან" 2022 წლის 19 ივლისს გააფორმა. ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 8 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. არსებულ ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების მიხედვით ავლაბრის მეტროს ზედა ვესტიბიულის კაპიტალური რემონტის და რეკონსტრუქციის სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ 2024 წლის 15 მარტს უნდა დაასრულოს.
თუმცა სატრანსპორტო კომპანიის მიერ შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის ინტერიერ-ექსტერიერის, სამანქანო დარბაზის და საინჟინრო სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელების საჭიროება დადგა, რომელიც ითვალისწინებს სრულიად ახალი კონცეფციის შექმნას შესაბამისი დეტალიზაციით, რაც ითვალისწინებს:
პროექტში შესატანი აუცილებელი ცვლილებების ჩამონათვალი:
- ფურცელი B-6 გარსისებური გადახურვის გაძლიერებისათვის ხვრელების თანმიმდევრობა შესრულდეს პროექტში მიღებული ბიჯით და 80 სმ-ის ჯერადობით გარსის პერიმეტრზე, არმატურის წებოთი დაანკერებით;
- ჩაანკერების ჯერადობა მოცემული უნდა იყოს ნახაზის სახით და შესაბამისი ნუმერაციით. საანკერო ხვრელები ტექნოლოგიურად შესრულდეს დახრილად, სათანადო კუთხის მითითებით და არმატურის გადაღუნვით, რაც ასევე მოცემული უნდა იყოს შესაბამისი კვანძის სახით და არმატურის დეტალიზაციით;
- შენიშვნის სახით მოცემული უნდა იყოს მითითება არსებული არმატურის დაზიანების დაუშვებლობის თაობაზე;
- ხვრელები უნდა მოეწყოს არადარტყმითი მექანიზმების გამოყენებით, ალმასის საბურღი მოწყობილობით. არმატურის ჩაანკერების სიგრძე 100 მმ მოცემულია პირობითად;
- ჩაანკერების სიგრძე დამოკიდებულია გამოსაყენებელი „ჰილტი“-ს წებოს ტიპზე; ჩაანკრების სიგრძე დადასტურებული უნდა იყოს ანგარიშით;
- უნდა მოხდეს ანკერების გამოცდა ГОСТ 58387-2019 შესაბამისად;
- გარსის დაზიანებული ბეტონის ზედაპირი და კოროზირებული არმატურა დამუშავდეს „ცერეზიტი“-ს ხსნარით, რის შემდეგაც გარსის კონსტრუქციის ზედა და ქვედა ზედაპირებზე უნდა გაიკრას ორკომპონენტიანი ებოქსიტის წებოიანი მინაქსოვილი ორი ფენა ჯვარედინი მიმართულებით, ტექნოლოგიის სრული დაცვით;
- პროექტში მოცემული უნდა იყოს წყლის გადაყვანის ტექნიკური გადაწყვეტა;
- გარსის შეკიდული ჭერით შეფუთვის ნაცვლად უნდა მოხდეს ალტერნატიული, გამჭვირვალე მასალებით მოპირკეთება, ისე რომ არ დაირღვეს არქიტექტურული დიზაინი და ამავდროულად შესაძლებელი იყოს გარსზე დაკვირვება.
სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან პროექტის ცვლილების აუცილებლობის არგუმენტად მოყვანილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია გარსის (ჭერის გუმბათისებური ნაწილის) შეფუთვა შეკიდული ჭერით, რაც თავდაპირველი არქიტექტურული პროექტით იყო გათვალისწინებული, ამიტომ პროექტის ამ ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება და წარმოდგენილ იქნეს სრულიად ახალი კონცეფცია შესაბამისი დეტალიზაციით.
პროექტის ცვლილების ბიუჯეტი 15900 ლარია.
ავლაბრის მეტროს ზედა ვესტიბიულის პროექტირება გამარტივებული შესყიდვით 2022 წელს არტ სტუდიო ჯგუფმა გააკეთა. თბილისის ბიუჯეტს აღნიშნული პროექტი, რომლის შეცვლის საჭიროებაც დადგა 158 900 ლარი დაუჯდა.
ავლაბრის მეტროს ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური რემონტი კი 4.2 მლნ ლარი ჯდება.
გამოიწვევს თუ არა პროექტის ცვლილება ადგილზე სამუშაოების გახანგრძლივებას, ამ კითხვით BM.GE-იმ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიმართა. ვადებთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან პასუხს მიღებისთავე შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, მეტროსადგურ “ავლაბარის” კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ პროექტზე პასუხისმგებელი “სს კიევმეტრომშენის წარმომადგენლობა” იყო, თუმცა კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მეტროსადგურ “ავლაბარის” ზედა ვესტიბიულის სამუშაოები ვერ დასრულდა.
მაშინაც სამუშაოების პროცესში გამოვლენილი იყო ისეთი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, რომელიც მანამდე არსებული საპროექტო დოკუმენტაციით არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.
ამის შემდეგ კიდევ ერთი ტენდერი 2020 წლის 17 ივლისს დასრულდა და შპს “ვეგა+”-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინპროექტი უნდა მოემზადებინა, თუმცა 2021 წლის 10 სექტემბერს ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა, კომპანიამ კი სამუშაოების შესრულება ვერ შეძლო.