მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავლაბრის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო - "ქალაქის განვითარებას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს"

62b0537f51ffc
ვიქტორია მღებრიშვილი
20.06.22 15:35
1008
ისნის რაიონში, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და განახლება დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია BM.GE-მ მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიდან გამოითხოვა. უწყების ცნობით, ავლაბრის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი მეტროსადგურ "ავლაბრის“ მიმდებარედ არსებული გამწვანებული კედლის, მიმინოს სკვერისა და ერევნის სკვერის რეაბილიტაციას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი - გზაგამყოფი კუნძულების მოწყობას მოიცავს, სადაც სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავები დაირგვება, დაითესება ბალახი და სარწყავი სისტემა დამონტაჟდება. განახლების ფარგლებში შადრევნის მოწყობაც იგეგმება.

ჯამში სამუშაოებისთვის 2 077 778 ლარია გამოყოფილი.

კახა კალაძემ პროექტის მიხედვით დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალაქის განვითარებას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.

„დავიწყეთ ავლაბრის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. გადასული ვართ გამზირის მეორე მონაკვეთზე, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად იცვლება. ჩვენ დაანონსებული გვქონდა ავლაბრის მოედნის სრული განახლება-რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოები უკვე დაიწყო. პარალელურად, ერევნისა და ავლაბრის სკვერების რეაბილიტაცია განხორციელდება, ტერიტორია გამწვანდება და დაირგვება ხე-მცენარეები. ავლაბრის მოედანს მთლიანად ექნება სახე შეცვლილი. ძალიან მალე დავიწყებთ მეტროსადგურის განახლება-რეაბილიტაციას, სადაც შენარჩუნდება მწვანე კედელი, რომელიც ძალიან ლამაზი იქნება. ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება, მოედანი ფართოვდება და საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა იქნება წარმოდგენილი. მოქალაქეებს გადაადგილებისთვის ძალიან დიდი სივრცე ექნებათ. ვფიქრობთ, რომ სამუშაოები ნოემბრისთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება. მოეწყობა საფეხმავლო სივრცე და გზაგამყოფი კუნძულები, რაც ბუნებრივი ქვის მასალებით მოპირკეთდება. ასევე, მოედანზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები, მიწისქვეშა ურნები, განთავსდება სკამები, დაითესება ბალახი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

აღნიშნული სამუშაოების შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ სრული რეაბილიტაცია იქნება. იგეგმება, როგორც შიდა სადგურის, ასევე, გარე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები.