ავოკადოს იმპორტი გაძვირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 982 ტონა ავოკადოში $2.6 მილიონი გადაიხადა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანას 988 ტონა ჰქონდა შეძენილი, ხოლო გადახდილი თანხა $2.2 მლნ-ს შეადგენდა. ამ მონაცემებით ვიგებთ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავოკადოს იმპორტში გადახდილი თანხა 21.6%-ით მეტია. ამავდროულად, იმპორტის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა.
ქვეყნისთვის ავოკადოს მთავარი მომწოდებელი ნიდერლანდებია, რომელიც მთლიან იმპორტში 79%-ს იკავებს. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ ნიდერლანდებიდან 659 ტონა ავოკადო შეიძინა, რაშიც დაახლოებით $2 მილიონი გადაიხადა.
ავოკადოს იმპორტის ძირითადი წყაროები (2025 წლის იანვარ-ივნისი):
-
ნიდერლანდები — $2.1 მლნ, 659 ტონა;
-
თურქეთი — $435 ათასი, 252 ტონა;
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები — $79 ათასი, 43 ტონა;
-
ლიბანი — $33 ათასი, 19 ტონა;
-
სომხეთი — $11 ათასი, 7 ტონა.
საგულისხმოა, რომ ნიდერლანდებიდან იმპორტის მოცულობა და ღირებულება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.
გთავაზობთ 2021-2024 წლის სტატისტიკურ მონაცემებს:
-
2024 წელი — $2.5 მლნ, 739 ტონა;
-
2023 წელი — $2.2 მლნ, 728 ტონა;
-
2022 წელი — $1.4 მლნ, 456 ტონა;
-
2021 წელი — $1.1 მლნ, 324 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 134 ტონა ავოკადო ექსპორტზე გაიტანა, რაშიც $382 ათასის შემოსავალი მიიღო. გასული წლის იმავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 165 ტონა ავოკადო, შემოსავალი კი $404 ათას დოლარს შეადგენდა. მიუხედავად მოცულობის შემცირებისა, მიღებული თანხა 5.4%-ით გაიზარდა, რაც სავარაუდოდ ფასების ზრდის შედეგია.




























