ავსტრალია ენერგიის დაზოგვის პროგრამის ფარგლებში, რომლის ამოქმედებაც 2026 წელს არის დაგეგმილი, ოჯახებს, მათ შორის მათ, ვისაც მზის პანელები არ აქვს, ყოველდღიურად სულ მცირე სამი საათის განმავლობაში, უფასო მზის ენერგიას შესთავაზებს - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კრის ბოუენმა განაცხადა.
პროგრამა Solar Sharer თავდაპირველად ავსტრალიის რამდენიმე შტატში ამოქმედდება, მოგვიანებით კი მთელ ქვეყანაში გავრცელდება. პროგრამის მონაწილეები მზის ენერგიას უფასოდ მიიღებენ შუა დღეს, როდესაც გენერაცია ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
“ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ელექტროენერგიის მოხმარება დღის პროგრამით გათვალისწინებულ მონაკვეთში გადაიტანონ, პირდაპირ სარგებელსაც მიიღებენ, მიუხედავად იმისა, აქვთ მზის პანელები თუ არა, ან საცხოვრებელი საკუთრებად აქვთ რეგისტრირებული თუ - ქირაობენ. რაც მეტი ადამიანი ისარგებლებს შეთავაზებით და გადაიტანს ელექტროენერგიის მოხმარებას შუა დღისთვის, მით მეტი სარგებელი ექნება სისტემასაც, რომ ელექტროენერგიის ღირებულება ყველასთვის შეამციროს”, - განაცხადა ბოუენმა.
ავსტრალიაში სახურავის პანელებით 4 მილიონამდე ოჯახი სარგებლობს - ზაფხულის პიკურ პერიოდში, შუადღისას სისტემა იმდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომ ელექტროენერგიის ფასი უარყოფით რიცხვებში გადადის, მიუხედავად ამისა ენერგიაზე მოთხოვნა მაქსიმუმ დღის მეორე ნახევარში აღწევს, რაც ქსელის გადატვირთვას იწვევს.
2022 წელს ბოუენმა 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარებაში განახლებადი რესურსების წილის სამიზნე ნიშნულად 82% განსაზღვრა.
პროგრამის მონაწილეები უფასო ელექტროენერგიით იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუ ჭკვიან მრიცხველებს დააყენებენ და ენერგიის მოხმარებას შუა დღისთვის გაზრდიან - ამ დროს დატენიან ელექტრომობილებს და ისარგებლებენ სხვა საოჯახო ტექნიკით.




























