Economist Intelligence Unit-მა (EIU) 2026 წლის საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების გლობალური ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევამ მსოფლიოს 173 ქალაქი ხუთი ძირითადი კატეგორიის მიხედვით შეაფასა, ესენია: სტაბილურობა, ჯანდაცვა, კულტურა და გარემო, განათლება და ინფრასტრუქტურა.
მაქსიმალური 100 ქულიანი შეფასებით, ინდექსი გვიჩვენებს, თუ სად არის ქალაქური ცხოვრება ყველაზე კომფორტული და სად აქვს გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე ყველაზე დიდი გავლენა.
2026 წლის ინდექსში პირველ ადგილს დანიის დედაქალაქი, კოპენჰაგენი იკავებს საერთო ქულით 98. ქალაქმა მაქსიმალური 100 ქულა მიიღო სტაბილურობის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის კატეგორიებში, ხოლო მაღალი შეფასებები დაიმსახურა კულტურა და გარემოსა (95) და ჯანდაცვის (96) მიმართულებით.
საუკეთესო ათეულში შვეიცარია ორჯერაა წარმოდგენილი: ციურიხი მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო ჟენევა - მე-6 ადგილს (ორივეს საერთო ქულაა 96).
იაპონიიდანაც ათეულში ორი ქალაქი მოხვდა: ოსაკა მე-7 ადგილზეა, ხოლო ტოკიო მე-10-ზე.
რაც შეეხება ავსტრალიას, ის საუკეთესო ათეულში სამი ქალაქითაა წარმოდგენილი.
TOP 10 საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი, 2026
| # | ქალაქი | ქვეყანა | შეფასება | სტაბილურობა | ჯანდაცვა | კულტურა და გარემო | განათლება | ინფრასტრუქტურა |
| 1 | კოპენჰაგენი | დანია | 98 | 100 | 96 | 95 | 100 | 100 |
| 2 | ვენა | ავსტრია | 97 | 95 | 100 | 94 | 100 | 100 |
| 3 | მელბურნი | ავსტრალია | 97 | 95 | 100 | 96 | 100 | 96 |
| 4 | სიდნეი | ავსტრალია | 97 | 95 | 100 | 94 | 100 | 96 |
| 5 | ციურიხი | შვეიცარია | 96 | 95 | 100 | 94 | 100 | 96 |
| 6 | ჟენევა | შვეიცარია | 96 | 95 | 100 | 92 | 100 | 96 |
| 7 | ოსაკა | იაპონია | 96 | 100 | 100 | 87 | 100 | 96 |
| 8 | ადელაიდა | ავსტრალია | 96 | 95 | 100 | 91 | 100 | 96 |
| 9 | ვანკუვერი | კანადა | 96 | 95 | 96 | 97 | 100 | 93 |
| 10 | ტოკიო | იაპონია | 96 | 100 | 100 | 89 | 100 | 93 |
საუკეთესო ათეულის საპირისპიროდ, ინდექსის მეორე პოლუსზე მდებარე ბოლო ათეული მიმდინარე კონფლიქტების, ეკონომიკური არასტაბილურობისა და ინფრასტრუქტურული დეფიციტის მძიმე შედეგებს ასახავს.
სირიის დედაქალაქი დამასკო კვლავ ინდექსის ბოლო პოზიციაზეა (173-ე ადგილი) საერთო ქულით 32. ქალაქს სერიოზული გამოწვევები აქვს ყველა შეფასებულ სფეროში: სტაბილურობაში მან მხოლოდ 20 ქულა მიიღო, ჯანდაცვასა და განათლებაში - 33, ხოლო ინფრასტრუქტურაში - 32.
კონფლიქტები კვლავაც უარყოფითად აისახება სხვადასხვა რეგიონის ცხოვრების ხარისხზე. უკრაინის დედაქალაქი კიევი 166-ე ადგილზეა 45 საერთო ქულით. მიუხედავად იმისა, რომ კიევი ინარჩუნებს შედარებით მაღალ მაჩვენებელს განათლებაში (75) და კულტურა და გარემოში (53), მისი სტაბილურობის რეიტინგი 40-მდეა შემცირებული, ხოლო ინფრასტრუქტურა 27 ქულით ფასდება.
10 საცხოვრებლად ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი ქალაქი, 2026
| # | ქალაქი | ქვეყანა | საერთო შეფასება | სტაბილურობა | ჯანდაცვა | კულტურა და გარემო | განათლება | ინფრასტრუქტურა |
| 164 | თეირანი | ირანი | 45 | 40 | 63 | 37 | 58 | 39 |
| 165 | ჰარარე | ზიმბაბვე | 45 | 40 | 33 | 57 | 67 | 36 |
| 166 | კიევი | უკრაინა | 45 | 40 | 42 | 53 | 75 | 27 |
| 167 | პორტ-მორსბი | პაპუა-ახალი გვინეა | 44 | 30 | 42 | 53 | 58 | 46 |
| 168 | ლაგოსი | ნიგერია | 44 | 30 | 38 | 54 | 42 | 54 |
| 169 | ალჟირი | ალჟირი | 43 | 35 | 54 | 45 | 58 | 30 |
| 170 | კარაჩი | პაკისტანი | 43 | 20 | 54 | 36 | 75 | 52 |
| 171 | დაკა | ბანგლადეში | 42 | 45 | 42 | 41 | 67 | 27 |
| 172 | ტრიპოლი | ლიბია | 41 | 30 | 50 | 38 | 58 | 41 |
| 173 | დამასკო | სირია | 32 | 20 | 33 | 41 | 33 | 32 |
ანგარიშის თანახმად, მაღალი რეიტინგის მქონე ქალაქები ძლიერი სოციალური დაცვის სისტემებით, სტაბილური პოლიტიკური გარემოთი და განვითარებული ჯანდაცვის სექტორით სარგებლობენ. ამის საპირისპიროდ, რეიტინგის ბოლოში მყოფი ქალაქები სისტემური პრობლემების წინაშე დგანან, რაც საბაზისო მომსახურებებზე მუდმივ ხელმისაწვდომობას უშლის ხელს.
გარდა ამისა, საუკეთესო ათეულში შემავალი ყველა ქალაქის მიერ განათლებაში მიღებული 100 ქულა მიუთითებს, რომ საგანმანათლებლო სისტემები კვლავაც მაღალ დონეზეა ორგანიზებული და ხელმისაწვდომია წამყვან ურბანულ ცენტრებში.
ამასთან, მაშინ როდესაც ლიდერი ქალაქების ინფრასტრუქტურული მაჩვენებლები თითქმის მაქსიმალურია, რეიტინგის ბოლოში მყოფ რამდენიმე ქალაქში ეს ნიშნული 40 ქულაზე დაბალია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ სირთულეებს, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების ფონზე სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საცხოვრებელი სისტემების შენარჩუნებასთანაა დაკავშირებული.




























