ავსტრალიის ფედერალურმა მთავრობამ და შტატების ხელმძღვანელობამ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ფასების ზრდისა და საწვავის დეფიციტის შესამცირებლად, საგანგებო ზომები მიიღეს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საწვავზე დაწესებული აქციზის გადასახადი სამი თვის ვადით განახევრდა. მთავრობის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ბენზინისა და დიზელის ღირებულებას ლიტრზე 26.3 ცენტით შეამცირებს.
ამავდროულად, ვიქტორიისა და ტასმანიის შტატებში მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დროებით უფასო გახდა. ვიქტორიაში აღნიშნული შეღავათი აპრილის ბოლომდე იმოქმედებს, ხოლო ტასმანიაში უფასო მგზავრობა ივლისამდე გაგრძელდება.
ამასთან, ხელისუფლება მოქალაქეებს კერძო ავტომობილების ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისაკენ მოუწოდებს, რათა ქალაქებში საწვავის მოხმარება შემცირდეს და რესურსი სამრეწველო რეგიონებისკენ მიიმართოს.
ამ ყველაფერთან ერთად, ავსტრალიის მთავრობა სატვირთო ავტომობილებისთვის გზით სარგებლობის გადასახადის გაუქმებასაც გეგმავს.




























