ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, თინეიჯერებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის მსოფლიოში პირველი პრეცედენტი Youtube-ზეც გავრცელდება. უქმდება საგამონაკლისო წესი, რომლის თანახმადაც შეზღუდვა Alphabet-ის შვილობილ ვიდეო პლატფორმაზე არ ვრცელდებოდა. ავსტრალიის ეს გადაწყვეტილება Youtube-ის მიერ სასამართლო დავის დაწყების საფუძველს ქმნის.
გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ შეცვალა, რაც ინტერნეტის მარეგულირებელმა უწყებამ აკრძალვის Youtube-ზე გავრცელებაც მოითხოვა იმ საბაბით, რომ არასრულწლოვანთა 37% ვებსაიტზე საზიანო კონტენტის ნახვაზე მიუთითებს, რაც იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე სოციალური მედიის სხვა პლატფორმებისთვის.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონი ალბანესმა აღნიშნა, რომ სოციალური ქსელები ავსტრალიელ ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, სახელმწიფოს კი სურს დარწმუნდეს, რომ მშობლებს მათი იმედი აქვთ. ალბანესმა თავის წილი პასუხისმგებლობის შესახებ სოციალური ქსელების მფლობელ კომპანიებსაც შეახსენა.
Youtube-ის ინფორმაციით, 13-დან 15 წლამდე ავსტრალიელ ბავშვთა თითქმის 3/4 ვიდეო პლატფორმის მომხმარებელია და აკრძალვა მათზე არ უნდა გავრცელდეს, ვინაიდან Youtube-ის მთავარი დანიშნულება ვიდეოების განთავსებაა და არა - სოციალური ინტერაქციები.
თინეიჯერებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა ძალაში გასული წლის დეკემბრიდან შევიდა, რის შემდეგაც არაერთი პოპულარული პლატფორმის წარმომადგენელი უკმაყოფილებას აფიქსირებდა. მათი თქმით, Youtube-ის და სხვა ქსელების ალგორითმები ერთმანეთს ჰგავს და მომხმარებელს კონტენტს წინარე აქტივობების გათვალისწინებით სთავაზობს.
აკრძალვის გამო, Youtube-ზე გაუქმდება ყველა ანგარიში, რომლის მფლობელიც 16 წელს მიუღწეველია. არასრულწლოვანი შვილებისთვის ვიდეოების გაზიარების უფლება მშობლებს ექნებათ.




























