მწვავე თბური ტალღის გამო, ავსტრალიაში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა ქვეყნის თითქმის ყველა ნაწილში, პილბარას რეგიონი კი განსაკუთრებულად დაზარალდა.
The Guardian-ის ინფორმაციით, მაქსიმალური ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ონსლოუის აეროპორტში კვირას დაფიქსირდა და 48.3 გრადუსს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ონსლოუს აეროპორტი ატარებს რეკორდული ტემპერატურის ტიტულს, სადაც 2022 წლის იანვარში ჰაერის ტემპერატურამ 51 გრადუსს მიაღწია. ადგილობრივი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თუ თბური ტალღა მომდევნო კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება, არსებობს შანსი, რომ ახალი რეკორდი დამყარდეს.
ამავდროულად, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი უხვ ნალექს ებრძვის. 13 იანვრის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოსული ნალექის სისქე 100 მილიმეტრს აღემატება, 15 იანვარს კი კიტსის პორტში 334.88 მილიმეტრს მიაღწია. წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო დაიხურა ქვეყნის მთავარი გზები და რკინიგზა, რის გამოც სუპერმარკეტებმა ზოგიერთ პროდუქტზე შეზღუდვები დააწესეს, ვიდრე მიწოდების ჩვეული რიტმი აღდგება.
მომდევნო კვირის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ დაბალი ატმოსფერული წნევა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში უხვ ნალექს იწვევს, დასავლეთისკენ გადაინაცვლებს.