მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიაში UBER-ს $178 მილიონის ჯარიმა დაეკისრა

uber

ავსტრალიის კორპორაციულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასამართლო დავა დასრულდა. ამერიკულ კომპანია Uber-ს 178 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

სასამართლოს განმარტებით, 2012 წელს ავსტრალიის ბაზარზე Uber-ის გამოჩენით ტაქსის სერვისის გაწევის ინდუსტრია, რომელიც ქვეყანაში მკაცრად იყო რეგულირებული, თავდაყირა დადგა, რადგან მობილურმა აპლიკაციამ მგზავრების მომსახურების საშუალება ისეთ მძღოლებსაც მისცა, რომელთაც ტაქსის სპეციალური ლიცენზია არ ჰქონდათ ნაყიდი.

კოლექტიური სარჩელის მიხედვით, რომელიც 8,000-მდე ტაქსის მძღოლს და ოპერატორს აერთიანებს, Uber-მა ბაზარზე ტარიფების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. გარდა ამისა, აპლიკაციამ აზრი დაუკარგა ტაქსის ლიცენზიას და მისი ღირებულება ფაქტობრივად ერთ დღეში ნულის ტოლი გახდა, მაშინ როცა თავად ტაქსის მძღოლებს ლიცენზიაში ათასობით დოლარი ჰქონდათ გადახდილი.

აღსანიშნავია, რომ Uber-ის და მისი ანალოგი პლატფორმების წინააღმდეგ მსგავსი შინაარსის სასამართლო დავები თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და ავსტრალიის შემთხვევას, შესაძლოა, პრეცედენტული გავლენა ჰქონდეს სასამართლოების მომდევნო გადაწყვეტილებებზე.