ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გლობალური ტენდენცია - ელექტრიფიკაციაა, რომელიც ძველ, არაეფექტიან და ბუნებისთვის საზიანო ბუნებრივ წიაღისეულზე უარს ვამბობთ და განახლებად ენერგიაზე გადავდივართ. ელექტრიფიკაცია შეინიშნება ყველგან, მათ შორის სახლებში, ბიზნესსა და ტრანსპორტში და ამ ბოლო კატეგორიაში, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია - ელექტრომობილები, რომელთა რაოდენობა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დათვლებით, თუ 2015 წელს, მსოფლიოში 1.5 მილიონი ელექტრომობილი დადიოდა, 2022 წლის ბოლოს ამ რაოდენობამ 26 მილიონი შეადგინა, რაც 17-ჯერ მეტია.
თავისი არსით, ელექტრომობილიც ჩვეულებრივი მანქანაა, რომელიც საწვავად იყენებს არა ბენზინსა და დიზელს, არამედ - ელექტროენერგიას. შესაბამისად, მთავარი მოწყობილობა, რომელიც მას ჩვეულებრივი ავტომობილისგან გამოარჩევს - ელექტრობატარეაა. ელექტრობატარეას, რეალურად, ორმაგი დანიშნულება აქვს - ის ქიმიურ ენერგიას ინახავს და საჭირო დროს, მას ელექტროენერგიად გარდაქმნის, რომლითაც ავტომობილის ელექტრული მოტორი საზრდოობს. ამ ტიპის ოპერაციებს ყველაზე კარგად ლითიუმ-იონური ბატარეა ახორციელებს, რომელიც ბაზარზე არსებულ ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ეფექტიანია, ანუ შედარებით მცირე და მსუბუქ ფორმაში მაქსიმალურ ენერგიას იტევს.
ლითიუმი ძვირფასი ლითონია, რომელიც სასაქონლო ბირჟაზე ივაჭრება. დღეს ტონა ლითიუმი $23,500-მდე ღირს, მაგრამ გასული წლის დინამიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ასეთი დაბალი ფასი ბირჟაზე 2023 წლის აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა. 2022 წლის ნოემბერში ლითიუმზე რეკორდული ფასი დაფიქსირდა, როცა ტონა ძვირფასი ლითონი $82,000-მდე ღირდა. საინტერესოა, რომ ლითიუმი ერთ-ერთი ყველაზე გაიაფებული საბირჟო საქონელიცაა, რომლის ფასი, გასული თორმეტი თვის განმავლობაში, 70%-ით შემცირდა.
ლითიუმი ერთ-ერთი ის მეტალია, რომელიც უხვადაა წარმოდგენილი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე მეტ ლითიუმს ყოველწლიურად ავსტრალია აწარმოებს, რომელზედაც გლობალური მოპოვების 46.9% მოდის. რეიტინგში ასევე ვხვდებით ჩინეთს, რაც გასაგებიცაა, რადგან ეს საკმაოდ დიდი ზომის ქვეყანა უამრავი სხვადასხვა ბუნებრივი რესურსითაა დაჯილდოებული და თან არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელექტრობატარეებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა, სწორედ ჩინეთში ფიქსირდება.
იმ ქვეყნების რეიტინგი, რომლებიც ყველაზე მეტ ლითიუმს მოიპოვებენ, შემდეგნაირად გამოიყურება:
ავსტრალია - 61,000 ტონა (46.9%)
ჩილე - 39,000 ტონა (30%)
ჩინეთი - 19,000 ტონა (14.6%)
არგენტინა - 6,200 ტონა (4.8%)
ბრაზილია - 2,200 ტონა (1.7%)