ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4.85%-მდე გაზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბანკის განცხადებით, ეს ნაბიჯი ინფლაციური პროგნოზების არსებითმა ზრდამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის ცხრაწევრიან საბჭოში განაკვეთის მომატებას მხარი ექვსმა წევრმა დაუჭირა, სამი კი მის უცვლელად დატოვებას ემხრობოდა.
სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში წლიური ინფლაცია 4.0%-მდე გაიზარდა, რაც მარეგულირებლის 2.5%-იან სამიზნე ნიშნულს მკვეთრად აღემატება. ბანკის პროგნოზით, ინფლაციის დონე მომავალი წლის განმავლობაში 3%-ზე მაღალი დარჩება, რის გამოც ინფლაციური მოლოდინების გამყარების რისკი იზრდება.
მარეგულირებელი საბჭო ფასების ზრდას ენერგორესურსების გაძვირებას, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომსა და ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებში გაზრდილ ინვესტიციებს უკავშირებს.
საყურადღებო ფაქტია, რომ ქვეყანაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით ეცემა, რაც სამომხმარებლო ნდობასა და ხარჯებს ამცირებს.
RBA-ის მმართველმა, მიშელ ბულოკმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი ეკონომიკურ რეცესიას არ ელოდება. მისი განმარტებით, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი დაბალი რჩება და ახალი სამუშაო ადგილები კვლავ იქმნება. აღსანიშნავია, რომ მან მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება არ გამორიცხა და თქვა, რომ მარეგულირებელი ინფლაციის შემცირებისთვის ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს.
ცნობისთვის, 2026 წლის განმავლობაში ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე მეხუთედ გაზარდა.
























