ავსტრალიის ხელისუფლებამ საიმიგრაციო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამკაცრებისა და საერთაშორისო სტუდენტებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ირკვევა, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ტონი ბურკის მიერ წარდგენილი ინიციატივა უცხოელ სტუდენტებს პარტნიორებისა და შვილების ავსტრალიაში ჩაყვანის უფლებას უზღუდავს. ამასთან, ახალი ზომები ტურისტულ და დროებით ვიზებზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს. ოფიციალური კანბერა რეფორმის შედეგად 2028 წლისთვის ყოველწლიური წმინდა მიგრაციის 300,000-დან 225,000-მდე შემცირებას ისახავს მიზნად.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვა საცხოვრებელ ფართებზე გაზრდილი ფასებისა და ცხოვრების ხარჯების ზრდის ფონზე დაიწყო. მემარჯვენე პარტია One Nation-მა მომდევნო სამი წლის განმავლობაში დროებითი მიგრანტების რაოდენობის 750,000-ით შემცირებაც კი მოითხოვა. თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ მის გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის პოლიტიკურ ულტიმატუმს გავლენა არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში უკანონოდ დარჩენილი პირების გამოსავლენად ხელისუფლება 100 დამატებით თანამშრომელს დაიქირავებს. ამას გარდა, ოფიციალური პირები მელბურნში მდებარე ყოფილი საკარანტინო ცენტრის საიმიგრაციო იზოლატორად გადაკეთებაზეც იმუშავებენ. ტონი ბურკის განცხადებით, დროებითი ვიზის მქონე პირებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ვადის ამოწურვისთანავე მოუწევთ.
ცნობისთვის, COVID-19-ის პანდემიამდე ავსტრალიაში წმინდა მიგრაციის მაჩვენებელი სწორედ 225, 000-იან ნიშნულთან იყო ახლოს. მელბურნში მდებარე ის ობიექტიც, რომლის საიმიგრაციო იზოლატორად გამოყენებაც განიხილება, პანდემიის პერიოდში საკარანტინო სივრცედ ფუნქციონირებდა.
























