ავსტრიაში, შესაძლოა, აუცრელი მოქალაქეებისთვის ლოქდაუნი გამოცხადდეს. ამის შესახებ BBC წერს. როგორც გამოცემა იტყობინება, ამ ეტაპზე, საუბარია აუცრელებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე ავსტრიის რამდენიმე ფედერაციულ მიწაზე. მათ შორის ზემო ავსტრიის და ზალცბურგის მიწაზე. თუმცა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ფედერალური მთავრობის თანხმობაც სჭირდება.
როგორც ავსტრიის კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა, აუცრელი მოქალაქეებისთვის ლოქდაუნის გამოცხადება გარდაუვალი იყო. მისივე თქმით, მოსახლეობის 2/3 არ უნდა ზარალდებოდეს იმის გამო, რომ სხვები ყოყმანობენ (აცრაზე). როგორც კანცლერი განმარტავს, ლოქდაუნის მიხედვით, აუცრელებს არ ექნებათ შესაძლებლობა დატოვონ საცხოვრებელი სახლი, თუ მნიშვნელოვან საქმეზე არ მიდის, მაგალითად სამსახურში, საკვების საყიდლად ან სავარჯიშოდ.
ცნობისთვის, ზემო ავსტრიის რეგიონი, რომელიც გერმანიისა და ჩეხეთის საზღვრებთან მდებარეობს და სადაც 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით და ვაქცინაციის დაბალი ტემპით გამოირჩევა. ამასთან, მთლიანად ქვეყანაში მხოლოდ ბოლო 24 საათში 12 000-მდე კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში უკვე მოქმედებს აუცრელებისთვის რესტორნებში, კინოთეატრებში, სილამაზის სალონებსა და სხვა მსგავს სივრცეებში შესვლაზე აკრძალვა.