მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი გადადგომას აპირებს

ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი გადადგომას აპირებს. ამის შესახებ კანცლერმა მას შემდეგ განაცხადა, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. როგორც ნეჰამერი ამბობს, ის რამდენიმე დღეში გადადგება, ვინაიდან მისმა კონსერვატიულმა "სახალხო პარტიამ" და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ძირითად საკითხებზე შეთანხმება ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, გასული წლის სექტემბერში, ავსტრიაში გამართულ საყოველთაო არჩევნებში ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიამ"(FPÖ) უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა. კერძოდ, FPÖ-მ ამომრჩეველთა 29%-ის მხარდაჭერა მოიპოვა, კანცლერის "სახალხო პარტიამ" - 26.3%, სოციალ-დემოკრატებმა კი 21%. ულტრამემარჯვენე პარტიასთან კოალიციის ფორმირებაზე სხვებმა უარი განაცხადეს. ალტერნატივა იყო, FPÖ-ს გარდა, სხვა პარტიებს შეექმნათ კოალიცია, რაც ასევე ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მთავრობაც ვერ ჩამოყალიბდა.

შექმნილ ვითარებაში, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა, კონსერვატიულმა პარტიამ სცადოს FPÖ-სთან შეთანხმება, ან კიდევ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. პრორუსულ ულტრამემარჯვენე პარტია ახალ არჩევნებს მიესალმება, ვინაიდან სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მათი პოპულარობა სექტემბრის შემდეგ კიდევ უფრო გაზრდილია.

აღსანიშნავია, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის მთავარი დაპირება ლეგალური მიგრაციის წესების გამკაცრებაა. პარტია გამოდის რემიგრაციის იდეით, რაც თავშესაფრის მაძიებლების თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე პარტია FPÖ 1950-იან წლებში ყოფილი ნაცისტების მიერ შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები