ავსტრიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე შალენბერგი გახდება. ის კარლ ნეჰამერს შეცვლის, რომელიც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადადგა.
შალენბერგი 2020 წელს ევროპული და საერთაშორისო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ის 2021 წელის ოქტომბერში დაინიშნა კანცლერად, მას შემდეგ, რაც სებასტიან კურცი გადადგა კორუფციის ბრალდებების გამო. 2021 წლის დეკემბერში კი კვლავ ევროპული და საერთაშორისო საქმეთა მინისტრი გახდა.
ავსტრიის კონსერვატიული "სახალხო პარტიის" (ÖVP) მთავრობა ხელისუფლებაში ახალი კოალიციის ჩამოყალიბებამდე დარჩება.
ცნობისთვის, გასული წლის სექტემბერში, ავსტრიაში გამართულ საყოველთაო არჩევნებში ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიამ" (FPÖ), რომლის ლიდერიც ჰერბერტ კიკლია, უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა. კერძოდ, FPÖ-მ ამომრჩეველთა 29%-ის მხარდაჭერა მიიღო, "სახალხო პარტიამ" - 26.3%, "სოციალ-დემოკრატებმა" კი 21%. ულტრამემარჯვენე პარტიასთან კოალიციის ფორმირებაზე სხვებმა უარი განაცხადეს. ალტერნატივა იყო, გამარჯვებული FPÖ-ს გარეშე, სხვა პარტიებს შეექმნათ კოალიცია, რაც ასევე ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მთავრობაც ვერ ჩამოყალიბდა, რასაც ნემაჰერის გადადგომა მოჰყვა.
შექმნილ ვითარებაში, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა, კონსერვატიულმა პარტიამ სცადოს FPÖ-სთან შეთანხმება, ან კიდევ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. პრორუსული ულტრამემარჯვენე პარტია ახალ არჩევნებს მიესალმება, ვინაიდან სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მათი პოპულარობა სექტემბრის შემდეგ კიდევ უფრო გაზრდილია.
ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა ჰერბერტ კიკლის მწვანე შუქი მისცა მმართველი კოალიციის შექმნის მცდელობისთვის მას შემდეგ, რაც ÖVP-მ ეს ვერ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის მთავარი დაპირება ლეგალური მიგრაციის წესების გამკაცრებაა. პარტია გამოდის რემიგრაციის იდეით, რაც თავშესაფრის მაძიებლების თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე პარტია FPÖ 1950-იან წლებში, ყოფილი ნაცისტების მიერ შეიქმნა.


























