ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა განაცხადა, რომ ქვეყანა ნეიტრალური სტატუსის შეცვლასა და NATO-ში გაწევრიანებას არ აპირებს. ის ამ განცხადებით რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, მედვედევმა ავსტრიის NATO-ში გაწევრიანების შესახებ საკუთარი პროგნოზი გააჟღერა და აღნიშნა, რომ თუ ალიანსს ცენტრალური ევროპის კიდევ ერთი ქვეყანა შეუერთდებოდა, ეს კონკრეტულ საპასუხო რეაგირებას გამოიწვევდა.
კანცლერ შტოკერის თქმით, ნეიტრალიტეტის დათმობა კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ დგას და NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის პრიორიტეტი არ არის.
აღსანიშნავია, რომ მედვედევის განცხადებას წინ უძღოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბეათე მაინლ-რაიზინგერის მიერ გაჟღერებული მოსაზრება, რომ ავსტრიის NATO-ში გაწევრიანებაზე ქვეყანაში საჯარო დისკუსია უნდა დაწყებულიყო. სავარაუდოდ, რუსეთის ექსპრეზიდენტის შეშფოთება სწორედ ამ ფაქტთან იყო დაკავშირებული.




























