ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტობანზე - წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევთან მოძრაობის შეფერხებებს უმეტესწილად კვების ობიექტები იწვევენ, რომლებიც გზის მიმდებარედ არის განთავსებული. უწყების ინფორმაციით, ავტობანის 23-24 კილომეტრზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება იგეგმება. სამუშაოები 4 ივლისიდან დაიწყება და ის ღამის საათებში შესრულდება.
"გამოწვევის დასაძლევად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში მუშავდებოდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის ორგანიზებას და გაზრდის უსაფრთხოების დონეს.
გადაწყვეტილება მიღებულია და სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე 4 ივლისს დაიწყება.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა: შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.
სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ საათებში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი.
ბოდიშს ვუხდით მძღოლებსა და მგზავრებს შესაძლო დისკომფორტისთვის და მოვუწოდებთ, ყურადღებით გაეცნონ დროებით საგზაო ნიშნებს და დაიცვან შეზღუდვები,"- ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ადგილზე საგზაო სამუშაოებს კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" ახორციელებს. კომპანიასთან კონტრაქტი ავტობანზე სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად არის გაფორმებული და ის 40 მილიონი ლარის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაოების შესრულებას, მათ შორის მდინარე არაგვზე ახალი ხიდის აგებას და სხვა სამუშაოებს, მათ შორის წიწამურთან აღნიშნული სამუშაოების შესრულებასაც ითვალისწინებს.




























